logo
ENG



TI მოუწოდებს ხელისუფლებას, დაგმოს პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია

05 სექ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში პანკისის სათემო რადიო / Radio Way-ს და მისი დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიასა და მუქარის შემცველ განცხადებებს საგანგაშოდ მიიჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

გამჭვირვალობა მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს მედიის საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

"5 სექტემბერს პანკისის ხეობაში სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ მორიგი აქციის გამართვა იგეგმება, რომელიც რადიკალურად განწყობილი ჯგუფის, ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით განხორციელდება. ეს არ არის სათემო რადიოს წინააღმდეგ აქციის მოწყობის პირველი შემთხვევა. პირველ სექტემბერს ჩატარებულ აქციაზე რადიოს დარბევის და გელა მთივლიშვილის პანკისიდან გაძევების მუქარა ისმოდა, თუმცა, სამართალდამცველების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. შსს-ს განცხადებით თავად გელა მთივლიშვილმაც მიმართა. პანკისის სათემო რადიო ერთ-ერთი წამყვანი მედია საშუალებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხეობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ობიექტურ და მიუკერძოებელ გაშუქებაში", - ნათქვამია განცხადებაში.  

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმოს პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, დროულად მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება მუქარასა და მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.

პანკისის სათემო რადიოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დღეს, 5 სექტემბერს მათი დახურვის მოთხოვნით კიდევ ერთი საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება

დემონსტრანტები დახურვის ერთ-ერთ მიზეზად 2019 წელს მოკლული 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმის არაობიექტურად გაშუქებას ასახელებენ, რასაც ჰესების მშენებლობაზე ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებენ. პანკისის სათემო რადიო აცხადებს, რომ დახურვის მოთხოვნის კიდევ ერთი მიზეზი რადიკალური ჯგუფებისთვის შორტის ჩაცმისთვის მამა-შვილის ცემის გაშუქებაა. აქციის ორგანიზატორების თქმით, რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და მომხდარის აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს.


close დახურვა