პანკისის სათემო რადიო აცხადებს, რომ დღეს, 5 სექტემბერს მათი დახურვის მოთხოვნით კიდევ ერთი საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.
ორგანიზაციის განცხადებით, აქციას როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფი მართავს, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით.
დემონსტრანტები დახურვის ერთ-ერთ მიზეზად 2019 წელს მოკლული 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმის არაობიექტურად გაშუქებას ასახელებენ, რასაც ჰესების მშენებლობაზე ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებენ.
პანკისის სათემო რადიო აცხადებს, რომ დახურვის მოთხოვნის კიდევ ერთი მიზეზი რადიკალური ჯგუფებისთვის შორტის ჩაცმისთვის მამა-შვილის ცემის გაშუქებაა. აქციის ორგანიზატორების თქმით, რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და მომხდარის აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს.
ორგანიზაციის განცხადებით, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს მუშაობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ასახელებენ.
მათ მიაჩნიათ, რომ პანკისის სათემო რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟით და ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის, 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა და რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისი, სათემო რადიომაც უნდა დატოვოს.
ასევე, პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ის პირია, ვინც ხეობაში უკანონო შეიარაღებულ ჯგუფს ხელმძღვანელობს.
რადიო წერს, რომ ამ ჯგუფს უკავშირდება 2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოში, პოლიციელების თვალწინ ვისური მუთოშვილის მკვლელობა, თუმცა სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით, მხოლოდ 2 პირი დააკავეს.
პანკისის სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე, პანკისის სათემო რადიოს ოფისის დარბევით ღიად დაემუქრნენ. აქცია ასევე როდი სკოტის ფონდის ორგანიზებული იყო, რომლის ხელმძღვანელი, ლია მარგოშვილიც, პანკისის სათემო რადიოს ცნობით, ქართული ოცნების აქტივისტი და საარჩევნოდ დუისის უბანზე მმართველი პარტიის წარმომადგენელია.
29 აგვისტოს გამართულ აქციას კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა, ვინაიდან სახეზეა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ნიშნები.
ფოტო: პანკისის სათემო რადიო