logo
ENG



TI პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს

02 ივლ 202112:36
3 წუთის საკითხავი
clock 576

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა და განმარტა, რომ დანიშვნების პროცესი სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე უნდა შეჩერდეს.

"არ ვერთვებით ამ პროცესში. არც კოალიცია არ ერთვება. გუშინ ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს. ჩვენი კოალიცია და ჩვენი ორგანიზაცია არ ერთვება. შეიძლება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ინდივიდუალურად ჩაერთონ, მაგრამ ჩვენ ამ პროცესში არ ვერთვებით", - ამბობს გიგაური.

კანდიდატებთან გასაუბრება მომდევნო კვირაში დაიწყება. პროცესში მონაწილეობას არ იღებს არც სახალხო დამცველი.

30 ივნისს, ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით, უარს ამბობს მოსმენაში ჩართვაზე, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. 

დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა