logo
ENG



TI შოთაძეზე: ჩნდება ეჭვი, რომ მისი არჩევა წინასწარ არის გადაწყვეტილი

16 იან 202018:28
3 წუთის საკითხავი
 
fb7ftmgk8uapqlm.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს.

„ფორმულა“ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილი გახდა, სსიპ ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ საპროკურორო საბჭოს, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად, ირაკლი შოთაძე წარუდგინა.

მოვუწოდებთ, საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს, რადგან მას დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები.

2018 წლის 31 მაისს, ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის არასათანადო გამოძიებისა და საზოგადოების მწვავე პროტესტის ფონზე მთავარი პროკურორის პოსტიდან გადადგა. პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან არაობიექტური და მიკერძოებული პროცესის ჩატარების შესახებ ეჭვები მირზა სუბელიანის ციხის ჩანაწერებმაც გააღრმავა.

დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სასამართლოს დღემდე არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ხოლო მირზა სუბელიანის მიერ გამოძიებაზე შესაძლო ზეგავლენის განხორციელებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს ამომწურავი პასუხი არ გასცემია. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმის შესწავლისას არაერთი ხარვეზი და კანონდარღვევა აღმოაჩინა, რასაც ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია.

ირაკლი შოთაძის კონკურსში მონაწილეობა აჩენს ეჭვს, რომ მისი კანდიდატურის პარლამენტში წარდგენა და გენერალურ პროკურორად არჩევა წინასწარ არის გადაწყვეტილი და შერჩევის პროცესი ფიქტიურ ხასიათს ატარებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის ირაკლი შოთაძე იბრძოლებს.  შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ხსენებულ თანამდებობაზე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, შოთაძის მიერ წარდგენილი კანდიდატი გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მანამდეც იკავებდა. მას თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც ზაზა სარალიძემ მასშტაბური აქციები გამართა და მისი გადადგომა მოითხოვა.   


close დახურვა