logo
ENG



TV1: 2016-2019-ში ევტუშენკოვის თვითმფრინავი 7-ჯერ ჩამოვიდა, ემთხვეოდა მნიშვნელოვან მოვლენებს

14 მაი 202301:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/14/q2zeszedqtfgzo7.png
ფოტო: ტვ პირველი/კადრი

ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, 2016 წლიდან 2019 წლამდე მონაკვეთში, საქართველოში რუსი სანქცირებული ოლიგარქის ევგენი ევტუშენკოვის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი 7-ჯერ იყო ჩამოსული და ყველა ვიზიტი ქვეყანაში დაგეგმილ მნიშვნელოვან მოვლენას ემთხვეოდა.

ტვ პირველმა 2016-2019 წლების რადარების ჩანაწერები გაშიფრა, რომელთა თანახმადაც ბოინგი 737 სერიული ნომრით - 36 493 თბილისში 6-ჯერ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი 1-ელ დაეშვა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ამ სპეციალური რეისებით საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები და პუტინის სანდო ხალხი ჩამოდიოდა. ტვ პირველის ცნობით, ევტუშენკოვის ბოინგი, სავარაუდოდ, სამთავრობო ტერმინალით სარგებლობდა, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს. ბოინგის დაშვების კიდევ ერთ ადგილად საქაერონავიგაციის გასასვლელიც სახელდება.

მელაძის შაბათმა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის თვითმფრინავის ყველა ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესს დაუკავშირა: "ოცნებიდან" პროდასავლური ძალების გაშვება; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები; ივანიშვილის პოლიტიკაში პირველად დაბრუნება, ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ მეორედ დაბრუნება, გიორგი კვირიკაშვილის [პრემიერის] პოსტიდან გაშვება; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - ყველა ჩამოთვლილი მოვლენის წინ, ევტუშენკოვის კუთვნილი თვითმფრინავი საქართველოში ეშვებოდა.

მაგალითად: 2016 წლის ზაფხული, 3 თვე საპარლამენტო არჩევნებამდე - 12 ივლისს, დილის 08:58 საათზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბიზნეს კლასის ბოინგი ეშვება. შაბათის ეთერის ცნობით, მოსკოვიდან ჩამოსული საიდუმლო დელეგაცია მაშინ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

"მიიღეს ინსტრუქცია, როგორ ემოქმედა ოლიგარქს 2016 წლის არჩევნების წინ. პოლიტიკად წასული ივანიშვილი საჯარო სივრცეში დაბრუნდა და ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, რეგიონებში ჩავიდა და ხალხს ოცნების მხარდაჭერა სთხოვა, ჩამოიცილა ხალხი, ვინც მის გუნდში დასავლეთს ელაპარაკებოდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ოცნება იმარჯვებს. ალასანიას გუნდი და რესპუბლიკელები პარლამენტს გარეთ რჩებიან. პარლამენტში პირველად ხვდება საჯაროდ დეკლარირებული პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და პოლიტიკურ ვნებათაღელვას აანონსებს. არჩევნებიდან 6 დღეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისევ იგივე თვითმფრინავი ეშვება", - ამბობს სიუჟეტის ავტორი.

ბოლო საიდუმლო რეისი რადარის ჩანაწერებით 2019 წლის 16 იანვრით თარიღდება.


close დახურვა