TV პირველის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე აღსრულების ბიუროს პრემიერმინისტრის, სიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამაც მიმართა. გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ აღსრულების პროცესის დაწყება თბილისის მერმა კახა კალაძემ მოითხოვა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები საგანგაშოა, რასაც შესაძლოა, ტელევიზიის კუთვნილი ანგარიშების დაყადაღება მოჰყვეს.
"კახა კალაძის სარჩელზე სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი წლის, დავით ფაცაციას სარჩელზე კი - ოთხი თვის წინ მიიღო. აღსრულების დაწყების მოთხოვნები დროში ემთხვევა ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს, რა დროსაც კრიტიკული მედიის ფუნქციონირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს", - აღნიშნავს ორგანიზაცია.
ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ფაქტებს ემატება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და დაშინების გამოუძიებელი შემთხვევები და რუსული კანონის მიღებაც, რაც ერთობლიობაში სახელისუფლებო შტოების მხრიდან მედიის დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის საგანგაშო ფაქტს წარმოადგენს:
"ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ, აღნიშნული ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია საფრთხედ აღიქვამს კრიტიკული მედიის ფუნქციონირებას. იგი გააგრძელებს სხვადასხვა ხელოვნური, მათ შორის, ფინანსური ბარიერების შექმნის გზით, ხელი შეუშალოს მათ გამართულ ფუნქციონირებას. ყოველივე კი, კიდევ უფრო დაამძიმებს ჟურნალისტებისთვის ისედაც უკვე დაძაბულ გარემოს და გაართულებს მათ საქმიანობას, რაც საბოლოო ჯამში, გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოს შეფასებაზე".
2023 წელს სასამართლომ TV პირველს დავით ფაცაციას სასარგებლოდ 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ფაცაციამ სასამართლოს მიმართა TV პირველის ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც აუდიტის სამინისტროს დასკვნებს უკავშირდებოდა. კერძოდ, დასკვნები ეხებოდა დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებს და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. TV პირველის თანახმად, "არამიზნობრივად დახარჯული თანხების კვალი სამინისტროს ხელმძღვანელამდე", დავით ფაცაციამდე მიდის.
მანამდე სასამართლოში სარჩელი შეიტანა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მან TV პირველსა და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს უჩივლა. საქმე ეხებოდა მაია მამულაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კახა კალაძის მიერ ტენდერებში სავარაუდო კორუფციულ გარიგებას და ამ გარიგების ფარგლებში 60 მილიონის მიღებას.
მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კალაძე 100 ათას ლარს მოითხოვდა. თბილისის მერი ასევე ჟურნალისტის მიერ, მისი აზრით, ცილისმწამებლური ცნობის უარყოფასაც ითხოვდა.