logo
ENG



Tbilisi Pride: 5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, თანასწორობაზე

05 ივლ 202317:00
3 წუთის საკითხავი
 
Tbilisi Pride: 5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, თანასწორობაზე
Euronews Georgia

2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდან 2 წლის თავზე Tbilisi Pride-ი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 ივლისს გამოვლილი უსამართლობის განცდა არ განელებულა, რასაც თავდასხმების ორგანიზატორების დაუსჯელობა ამძაფრებს. Tbilisi Pride-ის თქმით, ძალადობის ორგანიზატორები კვლავ სიძულვილის ენას ავრცელებენ. 

"2021 წლის 5 ივლისის სასტიკი თავდასხმიდან 2 წელი გავიდა. ამ თარიღმა ღრმა და ტრაგიკული კვალი დატოვა ქვიარ ადამიანების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მეხსიერებაში.

ტკივილი და უსამართლობის განცდა, რომელიც 5 ივლისს გამოვიარეთ, არ განელებულა. Მას განსაკუთრებით ამძაფრებს თავდასხმის ორგანიზატორების დაუსჯელობა. ყველა მათგანი თავისუფალია და კვლავ ავრცელებს სიძულვილს.

5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და ღირსეულ ცხოვრებაზე. ეს იყო დარტყმა, რომელიც რუსული ფულით დაფინანსებულმა, სამშობლოს გამყიდველმა ადამიანებმა მოგვაყენეს.

ახლა, როცა ქვეყნის დემოკრატიული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვიარ ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ყველა, ვისაც თანასწორობის და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის სწამს, გავერთიანდეთ, დავდგეთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე და მკაფიოდ დავანახოთ ჩვენს მტრებს, რომ გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები თანაბრად იქნება დაცული", - აღნიშნულია განცხადებაში.

***

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და Tbilisi Pride-ის ოფისები, დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს.

5 ივლისის ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისის დილას TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა. 

ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა. 5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველი იყო.

ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, მცირე რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული. საქმის ფარგლებში 30-მდე ადამიანი დააკავეს, თუმცა, დაკავებულებს შორის არ ყოფილან ძალადობის ორგანიზატორები - ალტ-ინფოს ლიდერები.

5 ივლისის ძალადობიდან 2 წლის თავზე ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან. 


close დახურვა