logo
ENG



Tbilisi Pride: ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა ყოველთვის იყო სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება

05 ივლ 202411:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/05/gbokv7nbnlihbzg.jpg
Euronews Georgia

Tbilisi Pride 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 3 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება და ის ყოველთვის იყო სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

"სამი წელი გავიდა ქვიარ თემისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ტრავმული დღიდან.

2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში" ვერ შედგა. მარშის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ქალაქის ცენტრში ძალადობრივმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს, ჟურნალისტებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და სირცხვილიას ოფისები.

ამ წელს პოლიციამ კიდევ ერთხელ არ უზრუნველყო თემის წევრებისა და მხარდამჭერების უსაფრთხოება, კიდევ ერთხელ გაიმეტა თავისი მოქალაქეები ძალადობისა და სიცოცხლის საფრთხის რისკის წინაშე აღმოჩენისათვის.

სახელმწიფოს მიერ წახალისებულ ძალადობასა და პოლიტიკურ ჰომოფობიას ემსხვერპლა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომლის წინააღმდეგაც ბინძური კამპანიის წარმოებით სცადა ხელისუფლებამ 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულის ჩამორეცხვა.

ჩვენთვის 2021 წლამდეც, 2021 წელსაც და მას შემდეგაც, ყოველთვის ცხადი იყო, რომ ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა და მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება და ყოველთვის იყო სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მცირე ძალადობრივი ჯგუფების წახალისებითა და დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებით ხორციელდებოდა.

ეს დადასტურდა 2021 წლის 6 ივლისსაც, როცა საზოგადოებამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა თემს რუსთაველის გამზირზე. ეს დასტურდება ყოველთვის, როცა ქართველი ხალხი იბრძვის მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ; ეს დადასტურდება 26 ოქტომბრის არჩევნებზეც"- ნათქვამია განცხადებაში.

 

***

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და Tbilisi Pride-ის ოფისები, დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს.

5 ივლისის ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისის დილას TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა. 

ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა. 5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველი იყო.

ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, მცირე რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული. საქმის ფარგლებში 30-მდე ადამიანი დააკავეს, თუმცა, დაკავებულებს შორის არ ყოფილან ძალადობის ორგანიზატორები - ალტ-ინფოს ლიდერები.


close დახურვა