logo
ENG



Telegraph: ოკუპანტები უკრაინელ სამხედროებზე შეტევებს უკანონო ქიმიური იარაღით ახორციელებენ

06 აპრ 202421:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/06/9k4gyg1e5u67i7e.jpg

გამოცემა Telegraph-ის გამოძიების მიხედვით, რუსი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცებზე უკანონო ქიმიური იარაღით სისტემატურ თავდასხმებს ახორციელებენ.

კერძოდ უკრაინელი მებრძოლები აცხადებენ, რომ მათი პოზიციები რეგულარული თავდასხმების სამიზნეებია, რომლებიც ძირითადად ცრემლსადენი გაზის და სხვა ქიმიური ნივთიერებების საშუალებით ხორციელდება.

კერძოდ, მსგავსი გაზის გამოყენება, რომელიც CS-ის სახელწოდებითაა ცნობილი და ჩვეულებისამებრ, აქციის დასაშლელად გამოიყენება, ომის დროს ქიმიური იარაღის კონვენციის მიხედვითაა აკრძალული.

უკრაინული სადაზვერვო ჯგუფის მეთაურმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ გაზის ყუმბარები უკრაინელთა პოზიციებზე თითქმის ყოველდღე ცვიოდა. ზოგიერთ ადგილზე უკრაინელი სამხედროების განლაგების გამო, რუსებს ჩვეულებრივი არტილერიითა და დრონებით თავდასხმა უჭირს, შესაბამისად ეს მათთვის "თავდასხმის ერთ-ერთი წარმატებული გზაა."

იგი ასევე ამბობს, რომ მაშინაც კი თუ მსგავსი იერიშები ლეტალური არ აღმოჩნდება, ეს უკრაინელებში ერთგვარ პანიკას იწვევს, რადგან ასეთ დროს "ადამიანის პირველი ინსტინქტი გაქცევაა", რის შემდეგაც რუსებისთვის ჩვეულებრივი იარაღითაც შეტევაც მარტივდება.

აქედან გამომდინარე, ჯარისკაცები ვალდებული არიან ყოველთვის თან იქონიონ გაზსაწინააღმდეგო ნიღბები.

Telegraph-ის გამოძიებით ირკვევა, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია ფრონტის სხვა ხაზებზეც.

რაც შეეხება ოფიციალურ ცნობებს, უკრაინული სამხედრო ორგანოები აცხადებენ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ოკუპანტებმა უკანონო გაზით ჯამში 626 შეტევა განახორციელეს.

უკრაინელი სამხედროებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათ ზოგჯერ არ მიეწოდებათ შესაბამისი აღჭურვილობა მსგავსი იერიშებისგან თავის დასაცავად. ხოლო არსებული ნიღბების უმრავლესობა ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელია და ეფექტურობით არ გამოირჩევა.


close დახურვა