The Economist-ის განცხადებით, უკრაინის მხრიდან ყირიმის დაბრუნების მცდელობა სისხლიანი და რთული იქნება.
გამოცემის თქმით, უკრაინის დასავლელი პარტნიორები თავშეკავებულნი არიან ყირიმისა და ოკუპირებული დონბასის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინას შესაძლოა, წინააღმდეგობა შეექმნას რუსი პარტიზანების მხრიდან.
"ყირიმში სამხედრო ოპერაციები ათასობით დაღუპულით მთავრდება: მხოლოდ გასულ საუკუნეში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, განსაკუთრებით რუსეთის სამოქალაქო ომსა და მეორე მსოფლიო ომში, რომ აღარაფერი ვთქვათ 1850-იანი წლების ყირიმის ომის დროს უზარმაზარ მსხვერპლზე.
ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდება, როგორც წესი მოითხოვდა, ვიწრო ან ჭაობიანი ადგილების გადაკვეთას. სამხედრო ექსპერტები, რომლებმაც კარგად იციან ნახევარკუნძულის რელიეფი, აღნიშნავენ, რომ ნახევრაკუნძულის ტოპოგრაფიამ უნდა დააფიქროს უკრაინა", - წერს გამოცემა.
2014 წელს, რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ყირიმის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. 2022 წლის 24 თებერვალს კი რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.