logo
ENG



The Guardian: რუსულ ელიტასა და ძალოვნებში პუტინის პოლიტიკით უკმაყოფილება იზრდება

25 მაი 202612:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/25/wi6wmqnx46oc6xj.jpg

ბრიტანული გამოცემა - The Guardian - ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, ვრცელ სტატიაში რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში არსებულ მზარდ ბზარებსა და ვლადიმირ პუტინის იზოლაციაზე წერს. გამოცემის ცნობით, მაისის დასაწყისში კრემლმა საგულდაგულოდ დადგმული სატელევიზიო კადრებით სცადა იმ ნარატივის გაბათილება, რომ პუტინი თავდასხმისა თუ სამხედრო გადატრიალების შიშით ბუნკერში იმალება - საზოგადოებას უჩვენეს პრეზიდენტი, რომელიც მოსკოვის ცენტრში, ყოფილ მასწავლებელს ყვავილებით ხელში ესტუმრა. თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამ იმიჯის მიღმა რეალობა დრამატულია: პუტინი თავისი ხანგრძლივი მმართველობის ყველაზე რთულ პერიოდში შედის.

The Guardian-ის მიერ კრემლის კულუარებში, ბიზნესწრეებსა და დასავლურ დაზვერვაში მოპოვებული ცნობები ადასტურებს, რომ რუსულ ელიტაში მკვეთრად იცვლება განწყობა. „წელს ელიტაში განწყობის მკვეთრი ცვლილება ნამდვილად შეინიშნება. პუტინის მიმართ ღრმა იმედგაცრუებაა, იზრდება განცდა, კატასტროფა ახლოვდება - ვკითხულობთ სტატიაში.

ამ ფონზე, რუსეთში მკაცრდება შიდა რეპრესიები. 2026 წლის დასაწყისში მობილური ინტერნეტის პერიოდულმა გათიშვამ განწყობები კიდევ უფრო დაამძიმა. „ახლა სადღაც ჩრდილოეთ კორეასთან უფრო ახლოს ვართ“, - უყვება ჟურნალისტს კრემლთან დაახლოვებული წყარო.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ პუტინის გათვლები უკრაინის ომთან დაკავშირებით უცვლელია. დიქტატორი მოტივირებულია, დონბასის წლის ბოლომდე სრულად დაიკავოს. „პუტინი დონბასზეა ფოკუსირებული და მანამ არ გაჩერდება, სანამ მას არ აიღებს“, - განუცხადა "გარდიანს" წყარომ. 

სტატიის თანახმად, „მოსკოვში არსებობდა საყოველთაო ოპტიმიზმი, რომ ტრამპი, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონბასს მიართმევდათ. ეს იმედი დიდწილად გაქარწყლდა“, - ამბობს ანონიმური წყარო. უკრაინამ კი, ევროკავშირის ფინანსური დახმარებითა და საკუთარი სამხედრო წარმოების ზრდით, მკვეთრად შეამცირა ვაშინგტონზე დამოკიდებულება და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რეჟიმის ჩამოშლის ან გადატრიალების მოლოდინი ამ ეტაპზე ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ მედიაში სერგეი შოიგუს მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე იწერებოდა, მასთან დაახლოებული ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს: „შოიგუს არც ჯარში აქვს პოპულარობა და არც საყრდენი ბაზა გააჩნია. თუმცა ის პუტინის წინააღმდეგ არასოდეს წავა“.

როგორც დასავლელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, კრემლი რეალობისა და დაღმავალი ტენდენციის აღიარების ფაზაშია, თუმცა მათ უბრალოდ არ ესმით - „და მერე რა უნდა ვქნათ ამის გამოსასწორებლად?“


close დახურვა