ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, გასული 1 კვირის მანძილზე უკრაინის პრეზიდენტის მოკვლა მინიმუმ სამჯერ სცადეს. მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსაკლავად 2 სხვადასხვა ჯგუფი - ე.წ ვაგნერის ჯგუფი და ჩეჩნეთის სპეციალური ძალები გაგზავნეს.
Times-ის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გეგმები რუსულმა ფედერალური უსაფრთხოების ძალებმა ჩაშალეს. მათ უკრაინის ოფიციალური პირები დაგეგმილი მცდელობების შესახებ გააფრთხილეს.
მკვლელობის მცდელობებს ადასტურებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვიც. მისი განცხადებით, ინფორმაცია იმ ორმაგი აგენტებისგან მიიღეს, ვისაც „ამ სისხლიან ომში მონაწილეობა არ სურთ“.
ე.წ ვაგნერის ჯგუფი რუსეთის კრიმინალური კერძო სამხედრო კომპანიაა, რომლის ლიდერადაც ევგენი პრიგოჟინი მიიჩნევა, ვინც პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენია.
ჩეჩნეთის ძალები კი რუსეთის ეროვნული დაცვის სამსახურის ნაწილია.
ბრიტანული მედია თებერვლის ბოლოს იუწყებოდა, რომ კიევში უკრაინის პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების მკვლელობის დავალებით დაახლოებით 400 რუსი დაქირავებული მკვლელი იმყოფება.