logo
ENG



Theranos-ის დამფუძნებელს თაღლითობისთვის 11 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

19 ნოე 202211:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/19/8nhf1gbp7ogqope.jpg

კომპანია Theranos-ის დამფუძნებელს ელიზაბეთ ჰოლმსს თაღლითობისა და ინვესტორების მოტყუებისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო.

2010-იან წლებში ჰოლმს "ახალ სტივ ჯობს" ეძახდნენ, რვა წლის წინ კი ის ყველაზე ახალგაზრდა ქალ მილიარდერად მიიჩნეოდა.

წლების განმავლობაში Theranos აცხადებდა, რომ მუშაობდა მოწყობილობაზე, რომელსაც სისხლის ერთი წვეთით ასობით სხვადასხვა დაავადება უნდა გამოევლინა, მათ შორის კიბო და დიაბეტი. თუმცაღა, სასამართლომ გამოავლინა, რომ კომპანიის დამფუძნებელს განგებ შეჰყავდა ინვესტორები შეცდომაში და მოწყობილობაც არ მუშაობდა.

სამთვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ იანვარში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ელიზაბეთ ჰოლმსი 11 წარდგენილი ბრალდებიდან 4-ში დამნაშავედ ცნო, მათ შორის თაღლითობა ინვესტორების წინააღმდეგ, საზოგადოების მოტყუება და თაღლითობა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით. პროკურატურა 15 წლით პატიმრობასა და 800 მილიონი დოლარის კომპენსაციას მოითხოვდა.

თვითონ ჰოლმსმა აღიარა Theranos-ის პროექტის ხარვეზები, თუმცა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ განგებ შეცდომაში არავის შეყვანა არ სურდა. დაცვის მხარე 18 თვით შინაპატიმრობას მოითხოვდა.

განაჩენის გამნოცხადებამდე 38 წლის ჰოლმსი სიტყვით გამოვიდა და ცრემლიანმა ბოდიში მოუხადა ინვესტორებსა და პაციენტებს.

"განადგურებული ვარ ჩემი წარუმატებლობებით. ღრმა მწუხარებას ვგრძნობ იმის გამო, რომ ადამიანები დავაღალატე", - თქვა მან.

"წარუმატებლობა - ნორმალურია. მაგრამ წარუმატებლობა თაღლითობის გამო - ეს არანორმალურია", - უპასუხა მას მოსამართლე ედვარდ დავილმა.

ჰოლმსი სასჯელის მოხდა 27 აპრილს დაიწყებს. მას ერთი წლის შვილი ჰყავს და ამჟამად მეორეზეა ორსულად. მოსალოდნელია, რომ დაცვის მხარე აპელაციას შეიტანს.


close დახურვა