ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით UEFA განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მატჩის ორგანიზატორი თავად არ იყო და მას არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე.
UEFA აცხადებს, რომ სტადიონზე ჩარევის შესახებ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისმა ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და მიუთითებს, რომ ადგილზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციამ შეტაკებების შეჩერება სცადა.
„სტადიონზე ჩარევის შესახებ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისმა ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და თავადვე განახორციელეს თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში შევიდა, რათა თავად კლუბის გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები შეეჩერებინა. ვითარების გამწვავებამ მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბათუმში, თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარზე 16 ადამიანი დააკავა, ასევე, აღნიშნა, რომ შემთხვევის დროს დაშავდა 3 სამართალდამცველი.
შსს-ს თანახმად, დაკავების პროცესში თურქი გულშემატკივრები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.
მატჩი თავდაპირველად თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა UEFA-მ შეხვედრის მასპინძელი სტადიონის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე აცნობა, რომ სტამბოლში მატჩის ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის შეხვედრას საქართველო უმასპინძლებდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელ-ღაზის ომის ფონზე მკვეთრად გაუარესებულია.
