სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს საქართველოს უნივერსიტეტის სტუნტებიც უერთდებიან და ორშაბათიდან აუდიტორიებში მისვლასა და ლექციებზე დასწრებაზე უარს ამბობენ.
სტუდენტების თქმით, მათი ადგილი ახლა რუსთაველის გამზირზეა.
"ჩვენ, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები აღშფოთებულები ვართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. აღშფოთებულები ვართ ჩვენი რექტორის, კონსტანტინე თოფურიას მიმართ გავრცელებული დეზინფორმაციით. ჩვენს პროფესორზე, ბატონ გია ჯაფარიძეზე განხორციელებული თავდასხმით, სტუდენტების, ლექტორების, თანამშრომლების მიმართ მუქარის ზარებითა და ჩასაფრებებით.
შეურაცხყოფილი ვართ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ამორალური ნაბიჯებით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი უნივერსიტეტის 3 მთავარ ღირებულებას - თავისუფლებას, ჰუმანურობასა და სრულყოფილებას.
ჩვენთვის ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მომიტინგეების მიმართ, ნიშნავს დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლას. რუსული კანონის დაინფიცირებით ნათელია, რომ ქვეყნის ევროპისკენ მიმავალი კურსი შეცვლილია. ვბრუნდებით რუსულ მარწუხებში, რომლისგან თავის დასაღწევად ჩვენმა თანატოლებმა, ეროვნულმა გმირებმა სიცოცხლე გაიღეს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ და სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლებამ ასე მალე დაივიწყა.
[...] ჩვენ ვუერთდებით სხვა სტუდენტებს და ორშაბათიდან ვწყვეტთ ლექციებზე სიარულს. ვფიქრობთ, რომ ახლა ჩვენი ადგილია რუსთაველის გამზირზე თავისუფალი მომავლის დასაცავად და არა აუდიტორიებში ლექციებზე", - აცხადებენ სტუდენტები.
ორშაბათიდან აუდიტორიებში გამოცხადებაზე უარს ამბობენ ილიაუნის, თსუ-ს ბათუმის უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა და ალტეს თვითმმართველობა.