უკრაინული მედია Unian-ი დედაენის ბარზე რუსების მიერ ონლაინშეტევას ეხმაურება და ყველა უკრაინელს მოუწოდებს ბარს გვერდში დაუდგნენ.
Unian-ი წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქართული დაწესებულების რეიტინგის დაგდება დაიწყეს, რადგან დედაენის ბარში რუსეთის მოქალაქეებს ავალდებულებენ სპეციალური ანკეტის შევსებას, რომელიც მათთვის "უხერხული" კითხვებისგან შედგება.
"მოსკოვის ჭაობების მცხოვრებლები ძალიან უკმაყოფილო არიან იმ კითხვარით, რომლის შევსებას ბარის თანამშრომლები რუს ტურისტებს სთავაზობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელები ბარს გვერდში უკვე ამოუდგნენ: ისინი თავის მხრივ ცდილობენ დაწესებულების რეიტინგის ამაღლებას. ასევე მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ დაწესებულების პრინციპულ მეპატრონეს და ბარს დადებითი შეფასება მისცეთ", - წერს უკრაინული სააგენტო.
Unian-ი ასევე ავრცელებს ინფორმაციას თუ როგორ უნდა მისცენ მსურველებმა დედაენის ბარს დადებითი შეფასება.
***
დედაენის ბარის მფლობელი დათა ლაფაური აცხადებს, რომ ინტერნეტ სივრცეში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბარზე თავდასხმა მიმდინარეობს. ლაფაურის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ბარზე უარყოფით შეფასებებს როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე Google Map-ის აპლიკაციაში მასობრივად წერენ.
2 აგვისტოს დედაენის ბარმა განაცხადა, რუსეთის მოქალაქეები ბარს მასობრივად უწერდნენ დაბალ შეფასებებს. ადმინისტრაციის თქმით, მათი უკმაყოფილება ბარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც შენობაში რუსეთის მოქალაქეები სპეციალურად შექმნილი ციფრული ვიზის გარეშე ვერ მოხვდებიან. ადმინისტრაციის ცნობით, რუსების უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ ბარის პერსონალი მათ რუსულ ენაზე არ ესაუბრება.
რუსეთის მოქალაქეებს სპეციალური ვიზის აღება ბარის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. რეგისტრაციის ფორმაში წერია, რომ ვიზის დაწესების მიზანი ისაა, რომ ბარში არ მოხვდნენ „ტვინგამორეცხილი რუსი იმპერიალისტები“.
დედაენის ბარის ვიზის მიღების მსურველი რუსეთის მოქალაქეებმა სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მონიშნონ შემდეგი ველები:
- მე ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია.
- მე ვგმობ უკრაინაში რუსეთის აგრესია.
- ყირიმი უკრაინაა, ისევე როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიები .
- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოა.
- საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
- ყოველი მე-12 ქართველი რუსეთის შემოჭრის გამო დევნილად იქცა.
- მე მომწონს ფრაზა: “Russkii Voennii Karabl, Idi Na Xui”.
- Slava Ukraini