გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტს ომის შედეგად საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
აღსანიშნავია, რომ UNICEF-ის ინფორმაციით უკრაინაში ჯამში 7.5 მილიონი ბავშვი ცხოვრობს. მათგან 4.3 მილიონმა ომის გამო სახლი დატოვა.
მათგან 1.8 მილიონმა ბავშვმა მეზობელი ქვეყნის საზღვრები უკვე გადაკვეთა. 2.5 მილიონი კი უკრაინაში დევნილად იქცა.
„ამ ომმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მასშტაბური გადაადგილება გამოიწვია. ეს სასტიკი ნიშნულია, რომელსაც შესაძლოა მომდევნო თაობებისთვის განგრძობადი შედეგები მოჰყვეს. ბავშვების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და აუცილებელ მომსახურებებზე წვდომა საშინელი ძალადობის შედეგად საფრთხის ქვეშაა“, - განაცხადა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთრინ რასელმა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის (OHCHR) ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 78 ბავშვი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ის მონაცემებია, რისი დადასტურებაც გაერომ ამ დროისთვის შეძლო. რეალური რიცხვები სავარაუდოდ ბევრად მაღალია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ქვეყანაში საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებს 52-ჯერ დაესხნენ თავს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი დაზანებულია 500-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება.
UNICEF-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 1.4 მილიონ ადამიანს არ აქვს სუფთა წყალზე წვდომა.
გაეროს ბავშვთა ფონდი რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებელი საჭიროების ინფრასტრუქტურებზე თავდასხმა დაუშვებელია.
„მხოლოდ რამდენიმე კვირაში ომმა უკრაინელ ბავშვებს საშინელი განადგურება მოუტანა. ბავშვებს დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ მშვიდობა და დაცვა. მათ სჭირდებათ საკუთარი უფლებები. UNICEF განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ მოთხოვნას და ბავშვებისთვის ზიანის არიდებას. აუცილებელი ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც ბავშვები არიან დამოკიდებული, მათ შორის საავადმყოფოებზე, სკოლებსა და შენობებზე თავდასხმა დაუშვებელია" - წერია ფონდის ოფიციალურ განცხადებაში.