ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინფორმაციით, საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს.
კერძოდ:
2021 წლის 25 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის, ლ. მ.-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა.
განმცხადებელმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 25 დეკემბერს მიმართა და წარადგინა ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რითაც დასტურდებოდა მისთვის სქესის კვლავ მინიჭების ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ფაქტი. განმცხადებელზე უკვე გაიცა დაბადების განმეორებითი მოწმობა შესწორებული მონაცემებით.
ორგანზინაციის განცხადებით, ეს საქმე სახელმწიფოს მხრიდან ტრანსი ქალის/კაცის გენდერის სამართლებრივად აღიარების პირველი პრეცენდენტია. ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი. ეს ფაქტი მხოლოდ ილუსტრაციაა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ამასთან, აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს, ის ზღუდავს იმ ტრანსი ადამიანების გენდერის სამართლებრივად აღიარების უფლებას, რომელთაც არ სურთ ჩაიტარონ ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურები და რაიმე ტიპის ინვაზიური ჩარევა მოახდინონ საკუთარი სხეულის ავტონომიაში.
2019 წლის მარტში ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრმა (EHRAC) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) საქართველოს მთავრობის დაკვირვებებზე პასუხი წარადგინეს ორი ქართველი ტრანსი მამაკაცის საქმეზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების უარს მათ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლის თაობაზე სტრასბურგში ასაჩივრებენ.
განმცხადებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2017 წელს მიმართეს.
WISG-ის ცნობით, ორივე აპლიკანტის მოთხოვნა, რომ მათი გენდერის მარკეტის ცვლილება ასახულიყო ოფიციალურ დოკუმენტებში, მათი მამრობით გენდერთან იდენტიფიცირების შესაბამისად, უარყოფილ იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ.
გადაწყვეტილება დასაბუთდა იმით, რომ გენდერის მარკერის ცვლილებისთვის აუცილებელი პირობა სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია იყო.
მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი ოფიციალურ დოკუმენტებში ცვლილებების ასახვა.
სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
ევროპულმა სასამართლომ ფრანგული საქმის განხილვისას დაადგინა, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებების დარღვევაა (მუხლი 8, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ECHR).
