logo
ENG



WP: აშშ უკრაინას მოუწოდებს, აჩვენოს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ღიაა

06 ნოე 202212:10
3 წუთის საკითხავი
 
WP: აშშ უკრაინას მოუწოდებს, აჩვენოს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ღიაა
საქართველოს მთავრობა

Washington Post-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს კონფიდენციალურად მოუწოდებს, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ღიაობა გამოხატონ და უარი თქვან განცხადებებზე, რომლის თანახმადაც, პუტინის ხელისუფლებიდან წასვლამდე სამშვიდობო დიალოგი არ შედგება.

მედია წერს, რომ ეს თხოვნა ემსახურება არა უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანას, არამედ საერთაშორისო მხარდამჭერების თვალში მორალური უპირატესობის შენარჩუნებას, ასევე, მხარდაჭერის უზრუნველყოფას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც შესაძლოა, ომის ხანგრძლივობით იყვნენ შეშფოთებულები.

აშშ-ის ოფიციალური პირები იზიარებენ უკრაინელი კოლეგების შეფასებას, რომ პუტინი, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებს, თუმცა მიუთითებენ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მასთან მოლაპარაკებებზე უარი შფოთვას იწვევს ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ნაწილებში - იქ, სადაც ომის შედეგად საკვებსა და ნავთობზე ხელმისაწვდომობის გავლენა ყველაზე მეტად იგრძნობა.

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა კრემლის ქმედებები სხვაზე მეტყველებს. 24 თებერვლის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოითხოვა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა და გამოთქვა მზადყოფნა, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს პირისპირ, მარტო შეხვედროდა.

4 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა, რითაც უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. 11 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის არ აპირებს დიალოგს რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

23 ოქტომბერს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებები არ გაიმართება.

 


close დახურვა