logo
ENG



WP: ობამამ მოკავშირეებს უთხრა, რომ ბაიდენმა კანდიდატურის საკითხი სერიოზულად უნდა განიხილოს

18 ივლ 202423:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/18/72th7w7rjvx3bim.jpg

ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოკავშირეებს განუცხადა, რომ პრეზიდენტს ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა საკუთარი კანდიდატურის საკითხი სერიოზულად უნდა განიხილოს. ამის შესახებ The Washington Post იმ პირებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ობამას შეხედულებებს იცნობენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ობამა ბაიდენს მხოლოდ ერთხელ, დებატების შემდეგ ესაუბრა და სხვებთან საუბრის დროს მან მკაფიოდ თქვა, რომ ბაიდენის კანდიდატურის მომავალი - ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თვითონ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

კულისებს მიღმა ობამა აქტიურად არის ჩართული ბაიდენის კამპანიის მომავლის განხილვებში და ბევრი შეშფოთებული დემოკრატისგან იღებს ზარებს, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერისგან, ნენსი პელოსისგან.

Washington Post წერს, რომ ბაიდენის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ზოგიერთ საუბარში, ობამა აღნიშნავდა, რომ გამოკითხვებით ბაიდენი პოზიციებს კარგავს და დონორები უარს ამბობენ პრეზიდენტზე.

დიდი ხანია ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის კამპანიასთან დაკავშირებით კითხვები არ ცხრება. საჯაროდ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი კამპანიის მრჩევლები ამტკიცებენ ამბობენ, რომ საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლას არ აპირებს. ოთხშაბათს ბაიდენმა შეწყვიტა კამპანია ლას-ვეგასში, რადგანაც კოვიდი დაუდასტურდა. ის დელავერის შტატში გაემგზავრა, სადაც საკუთარ სახლში კარანტინისთვის დაბრუნდა.

Washington Post აღნიშნავს, რომ გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი და სენატში უმრავლესობის ლიდერი ჩარლზ შუმერი პირდაპირ ესაუბრნენ პრეზიდენტ ბაიდენს და გააფრთხილეს იმ შეშფოთების შესახებ, რომ მისმა კანდიდატურამ შესაძლოა შეამციროს დემოკრატების შანსები, რომ მომავალ წელს რომელიმე პალატაზე კონტროლი დაამყარონ.


close დახურვა