Wall Street Journal აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს უკრაინის მიერ კურსკზე თავდასხმების გამო სამხედროების ნაწილი უკრაინიდან გაჰყავს.
გამოცემის თანახმად, ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ უკრაინელების შეტევამ რუსეთს გადაჯგუფება აიძულა.
ოფიციალური პირების თქმით, აშშ ცდილობს, დაადგინოს რუსეთის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი სამხედრო დატოვებს უკრაინას.
***
პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.
კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".
6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.
უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".
12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.