logo
ENG



WSJ: პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ რუსეთში 13 გენერალი, მათ შორის, სუროვიკინი დააკავეს

13 ივლ 202322:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/13/b47q7wgn0lksr5i.jpg
ALEXEI DRUZHININ / SPUTNIK / KRE

გამოცემა Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში პრიგოჟინის ამბოხიდან რამდენიმე საათში რუსეთის უშიშროების სამსახურებმა ვაგნერთან დაკავშირებული რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, მათ შორის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს.

WSJ-ის თქმით, კრემლი ცდილობს, გააქროს ის ოფიცრები, ვის მიმართაც არსებობს ეჭვები, რომ ხელისუფლებას "ღალატობენ". წყაროს ცნობით, სულ მცირე 13 მაღალი რანგის ოფიცერი დააკავეს დასაკითხად, 15-ს კი საქმიანობა შეუწყვიტეს ან გაათავისუფლეს.

წყაროს ცნობით, სუროვიკინი, რომელიც სირიაში დაბომბვის კამპანიების გამო "გენერალი არმაგედონის" სახელითაა ცნობილი, დაკავებულია და დაკითხვაზეა. მას სასჯელი ჯერ არ დაჰკისრებია.

გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სუროვიკინმა იცოდა ამბოხების გეგმების შესახებ, თუმცა 24 ივნისის მოვლენებში თავად არ მონაწილეობდა.

"დაკავებები ეხება რიგების იმ ადამიანებისგან გაწმენდას, ვისზეც მიაჩნიათ, რომ ვეღარ ენდობიან" - აცხადებს წყარო.

ამ საკითხზე კრემლმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ WSJ-ის კითხვებს არ უპასუხა. რუსეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვი კი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ამბობს რომ სუროვიკინი ისვენებს და ახლა „ხელმისაწვდომი არაა“.

გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად ასევე დააკავეს სუროვიკინის მოადგილე გენერალი ანდრეი იუდინი და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გენერალი ვლადიმირ ალექსიევი, თუმცა ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

"ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს, გადაადგილება შეუზღუდეს და უთვალთვალებენ" - წერს გამოცემა.

WSJ-ის ცნობით, დაკავებულებს შორისაა ყოფილი გენერალი მიხაილ მიზინცევიც, ვინც წარსულში თავდაცვის მინისტრის მოადგილე აპრილში კი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს შეუერთდა.

გამოცემის ცნობით, გენერალი სუროვიკინი ბოლოს 23 ივნისს გავრცელებულ ვიდეოში გამოჩნდა, სადაც ის იარაღით ხელში პრიგოჟინს და მის მებრძოლებს "აჯანყების შეწყვეტას სთხოვდა".

სუროვიკინის დაკავების შესახებ გამოცემა Financial Times-იც წერდა.

2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურად გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნა. ის ჯარებს 2023 წლის იანვრამდე მეთაურობდა.

რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ის ცნობით, სუროვიკინი 2017 წლიდან რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურობდა. 2017 წლის მარტიდან კი ის სირიაში რუსი სამხედროებს ხელმძღვანელობდა.

სუროვიკინს 2017 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის გმირის ჯილდო გადაეცა.

2022 წლის თებერვალში სუროვიკინი ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, „აქტიური მხარდაჭერისა და იმგვარი ქმედებების განხორციელებისა და პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის და საფრთხეში აგდებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენულობასა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც უკრაინის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“.

 

close დახურვა