logo
ENG



WSJ: რუსმა გენერალმა უკრაინის ოპერაციამდე რამდენიმე თვით ადრე, კურსკის დაცვა შეასუსტა

22 აგვ 202410:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/22/jmaik47ldpccbln.png

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ლაპინმა, რომელიც კურსკის ოლქში უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, უკრაინის ოპერაციამდე რამდენიმე თვით ადრე დაშალა საბჭო, რომელიც დაკავებული იყო მოწყვლადი სასაზღვრო რეგიონის დაცვით.

როგორც The Wall Street Journal-ი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ლაპინმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიღო.

"ამ გაზაფხულზე მოსკოვის მიერ დანიშნული ახალი სამხედრო, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი აცხადებდა, რომ მხოლოდ სამხედროებს აქვთ ძალა და რესურსები რუსეთის საზღვრები დაიცვან. ამ გეგმამ კიდევ ერთი ხვრელი გააჩინა რუსეთის საზღვრის სუსტ თავდაცვაში, რომელიც ამ თვის დასაწყისში ჩამოიშალა, როდესაც უკრაინულმა ჯარმა ელვისებური შეტევა დაიწყო კურსკზე. უკრაინულმა სამხედროებმა გადაკვეთეს საზღვარი და რუსულ ჯარში არეულობა შეიტანეს", - ამბობს დაზვერვის წარმომადგენელი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ "რა თქმა უნდა ლაპინს თავად არ გაუღია კარი რუსეთის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი უცხოური შემოჭრისთვის - მიზეზი ადამიანური რესურსის კრიტიკული უკმარისობაა, ასევე შეცდომა, რომელიც რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის დამახასიათებელია, რადგან ხშირად არ იციან ბრძოლის ველზე ზუსტად რა ხდება".

"უცნობია დაეხმარებოდა თუ არა ლაპინის მიერ დაშლილი უწყებათაშორისი საბჭო უკრაინელებისთვის პასუხის გასაცემად, მაგრამ ცენტრალიზებული ორგანოს გარეშე, რომელიც რუსეთის რეაქციაზე იყო პასუხისმგებელი, მოსკოვის მცდელობები უკრაინელების მათი ტერიტორიიდან განდევნის ნაწილში ქაოსური და არაეფექტურია", - წერს WSJ-ი.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.

19 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში უკვე 1 250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ. 

 


close დახურვა