გამოცემა The Washington Post წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ერთ-ერთ ბოლო სატელეფონო დიალოგში რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება სთხოვა.
წყაროს ინფორმაციით, ზელენსკის თხოვნა არ იყო ისეთივე მყისიერი საჭიროების როგორითაც დასავლელ ლიდერებს დამატებით შეიარაღებასა და ფინანსურ დახმარებას სთხოვდა, თუმცა მან ეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილა.
მედია იუწყება, რომ ბაიდენს ზელენსკის მოთხოვნისადმი მტკიცე მხარდაჭერა არ დაუფიქსირებია.
მედია იუწყება, რომ ვაშინგტონი ცივი ომის პერიოდშიც ერიდებოდა საბჭოთა კავშირისთვის ამ სტატუსის მინიჭებას, "მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მხარს უჭერდა იმ ჯგუფებს, ვინც 1970-იან და 80-იან წლებში ტერორისტებად მიიჩნეოდნენ".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამგვარ სტატუსს, როგორც წესი, ისეთი ქვეყნები იღებენ, რომლებიც საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს განმეორებითად უჭერენ მხარს. ამ დროისთვის ასეთი ქვეყნებია: ჩრდილოეთ კორეა, სირია, კუბა და ირანი.