logo
ENG



Washington Examiner: საქართველოში ევროკავშირს არაფერი გამოუვიდა, დროა, ამერიკა ჩაერთოს

20 მარ 202113:07
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკული გამოცემა Washington Examiner აქვეყნებს ტომ როგანის წერილს სათაურით: საქართველოში ევროკავშირს არაფერი გამოუვიდა, დროა, ამერიკა ჩაერთოს. 

სტატია საქართველოს პოლიტიკურ კრიზისს შეეხება. 

ავტორის შეფასებით, ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკების ჩაშლა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანას ემსახურებოდა, "ვლადიმირ პუტინის გასაოცარი გამარჯვება და ადამიანის უფლებების, დემოკრატიის დამარცხებაა". 

"ერთკვირიანი დისკუსიების შემდეგ, რომლის მედიატორიც ევროკავშირი იყო, მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხეს. კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს". - წერს ტომ როგანი.

მისი აზრით, მელიას დაკავება, რომელსაც საეჭვო იურიდიული საფუძველი აქვს, მთავრობის ძალაუფლების ავტორიტარული კონსოლიდაციის მცდელობა იყო.

როგანმა მომხდარს დაუკავშირდა გიორგი გახარიას გადადგომაც.

"ახლა მთავრობა რეალურად მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლდება, ფორმალური პრემიერმინისტრი კი ირაკლი ღარიბაშვილია. 

ბიძინა ივანიშვილმა - კრონი კაპიტალისტმა, რომელმაც პუტინის კეთილგანწყობა დაიმსახურა, უგულებელყო მთელი ოპოზიცია, პარალელურად კი ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. ოლიგარქის უარყოფითი გავლენა იგრძნობა როგორც ადამიანის უფლებების, ისე ეკონომიკის სფეროში. რუსეთის ბოლოდროინდელი მცდელობები, მოახდინოს საქართველოს დემოკრატიის დესტაბილიზაცია, პროცესში მკვლელობების მცდელობით, ასევე დაუსჯელი რჩება". - წერს ავტორი. 

ტომ როგანი აკრიტიკებს ევროკაშირს იმის გამო, რომ საქართველოში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს და აღნიშნავს: 

"ერთადერთი, რასაც ევროკავშირმა თბილისში მიაღწია, მუსიკალური ვიდეოს გამოშვებაა, რომელშიც კრისტიან დანიელსონი შენობის ირგვლივ სეირნობს. ეს ევროკავშირის სანდოობის მნიშვნელოვანი მარცხია. როგორც ერთხელ ევროკავშირის წარმომადგენელმა Financial Times-ს უთხრა, "თუ არ შეგვიძლია, პატარა ტრანს-კავკასიური ქვეყანა, რომელსაც სურს ჩვენთან ასოცირება, ჩვენს ორბიტაზე შევინარჩუნოთ, საერთოდ რა ჯანდაბის გაკეთება შეგვიძლია?"

კარგი კითხვაა 

ბაიდენის ადმინისტრაციამ, თუ მისი რიტორიკა დემოკრატიის დაცვაზე სერიოზულია, ნაბიჯი უნდა გადადგას. სასწორზე ახალგაზრდა დემოკრატიაა, რომელიც უნდა გადარჩეს ჩამოყალიბების წლებში, დიდი შიდა და საგარეო ზეწოლის პარალელურად. 

აშშ-ს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტები აქვს, მათ შორის, პირდაპირ ივანიშვილის მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დაუყოვნებლივ უნდა ჩავიდეს თბილისში. თუ ამას არ გააკეთებს, კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს პროდასავლური ხალხის მისწრაფებებს და გააძლიერებს პუტინის დამღუპველ გავლენას". - ნათქვამია წერილში. 

19 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშალა. 

კრისტიან დანიელსონმა, რომელიც საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წარმოადგენდა, თქვა, რომ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.


close დახურვა