logo
ENG



Washington Post: აშშ ფიქრობს, რომ რუსეთი კიევში შეჭრისთვის მზადების დასრულებასთან ახლოსაა

06 თებ 202215:40
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკული გამოცემა The Washington Post წერს, რომ რუსეთი ძალიან ახლოსაა უკრაინაში შეჭრისთვის მზადების დასრულებასთან, რასაც შესაძლოა მსხვერპლი, ჰუმანიტარული კრიზისი და ქაოსი მოჰყვეს. The Washington Post–ის ცნობით, ამის შესახებ აშშ–ის სადაზვერვო და სამხედრო სამსახურების უფროსებმა, გასული დღეების მანძილზე, აშშ–ის საკანონმდებლო ორგანოს და ევროპელ პარტნიორებს განუცხადეს.

The Washington Post–ის ინფორმაციით, დასავლეთის ოფიციალური პირების აზრი იყოფა იმასთან დაკავშირებით, პუტინი უკრაინაში სრულ მასშტაბიან შეჭრას გეგმავს, თუ ნაწილობრივს.

აშშ–ის სადაზვერვო სამსახურებთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ იციან პუტინმა მიიღო თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება. თუმცა შიშობენ, რომ მას შესაძლოა მხედველობაში ჰქონდეს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ყირიმიდან ჩრდილოეთით ან დონბასის მიმართულებით მცირე შეჭრა. აღსანიშნავია, რომ მათი თქმით, რუსეთს 20–30 სამხედრო გემი შავ ზღვაშიც ჰყავს და როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო იერიშები შესაძლოა განახორციელოს.

The Washington Post–ის მსგავსად, ბრიტანული გამოცემა Financial Times–იც წერს, რომ აშშ–ს ჯერ ზუსტად არ დაუდგენია გადაწყვეტილი აქვს თუ არა პუტინს უკრაინის დაპყრობა, მაგრამ, ვაშინგტონი, თავის მოკავშირეებთან ერთად, სულ უფრო მეტად შეშფოთებულია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზებით.

ამას გარდა, ბრიტანული გამოცემა Financial Times–ის ინფორმაციით, აშშ–ის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ რუსეთი ამ თვეში გეგმავს დიდი ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო წვრთნას, რითაც სურს NATO–ს გაფრთხილება, რომ თუ ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს უკრაინის დაპყრობას, არ ჩაერიონ.

Financial Times წერს, რომ გენერალმა მარკ მილეიმ და სადაზვერვო სამსახურის უფროსმა ავრილ ჰეინსმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატას უთხრეს, რომ პუტინი წვრთნების დაწყებას შუა თებერვალში გეგმვას. 

Financial Times–ის ცნობით, დახურულ კარს მიღმა საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთი ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს შემოდგომაზე ატარებს, თუმცა ამჟამად თებერვალში გადაწყვიტა. აშშ–ში ფიქრობენ, რომ რუსეთს ამით სურს აჩვენოს, რომ მას უკრაინის დაპყრობა შეუძლია.

Financial Times–ს ინფორმაციით, აშშ–ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მოსალოდნელი პერიოდი თებერვლის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდეა. აშშ–ის ბირთვული იარაღის პოლიტიკის ექსპერტი ამბობს, რომ თუ რუსეთი ბირთვულ სამხედრო წვრთნებს დაამთხვევს უკრაინის დაპყრობას, ეს ძალიან პროვოკაციული და ავის მომასწავებელი იქნება.


close დახურვა