logo
ENG



Z-ბლოგერი ეგორ გუზენკო რუსეთში დააკავეს

05 ოქტ 202423:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/05/3utreijqq4q5xtk.jpeg

Z-ბლოგერი ეგორ გუზენკო, რომელიც უკრაინაში ომის მომხრე ტელეგრამ არხის "ტრინადცატ" ავტორია, ნოვოპავლოვსკში დააკავეს. თავად ბლოგერის თქმით, დაკავებისას პოლიცია მას ფიზიკურად გაუსწორდა.

სხვადასხვა ტელეგრამ არხი გუზენკოს დაკავების განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. მაგალითად BAZA წერს, რომ გუზენკო ქალაქის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე დააკავეს - კერძოდ, BAZA-ს ცნობით, პოლიციამ ბლოგერს ნარკოლოგიური შემოწმება მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა.

არხი Mash-ი იტყობინება, რომ ბლოგერი კონცერტზე ნიღაბში იყო, ხოლო როცა პოლიციამ მას ნიღბის მოხსნა მოსთხოვა, ის მათ თავს დაესხა.

კიდევ ერთი არხი Shot-ი წერს, რომ გუზენკო ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და საქმეში იარაღი ფიგურირებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, 2021 წელს გუზენკოს ხულიგნობის ბრალდებით შინაპატიმრობა მიესაჯა, რომელიც მან 2022 წლის მარტში დაარღვია და რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წავიდა, რის შემდეგაც იძებნებოდა.

2024 წლის სექტემბერში, გუზენკომ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ "მოღალატეებმა ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში". მოგვიანებით ბლოგერის ჯგუფმა ეს ვიდეო წაშალა.


close დახურვა