თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ პეტიცია, #cancelThea შეიქმნა. "თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვნის ცნობა პროფესიონალებთან კონსულტაციის და სამოქმედო გეგმის გაცნობის გარეშე, საშიში ტენდენციად მიგვაჩნია", - აცხადებენ პეტიციის შემქმნელები. ფორმულას ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ უწყების მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნა განიხილება.
პეტიციაში ვკითხულობთ, რომ სამინისტროს, მართალია, გამოცდილი მენეჯერი უნდა მართავდეს, მაგრამ მინისტრი ასევე კარგად უნდა იცნობდეს მის დაქვემდებარებაში მყოფ სფეროს.
"მინისტრის კანდიდატურა, მისი საჯარო ბიოგრაფიის გათვალისწინებით და კომპეტენტურობაზე დაყრდნობით, ამის იმედს არ გვაძლევს. ამ ყველასთვის რთულ და გამოწვევებით სავსე გარემოში არ გვახსენდება თეა წულუკიანის არცერთი კონსტრუქციული ინიციატივა, საჯარო გამოსვლა ან ქმედება, რომელიც ამ სფეროებში დამდგარი კრიზისული ვითარების დაძლევას ან სპორტისა და კულტურის პროფესიონალების ხელშეწყობას ემსახურებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
პეტიციის ავტორების თქმით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სჭირდება კომპეტენტური ადამიანი და გულშემატკივარი, რომელიც ძალაუფლებას მკაცრი, ცენზურით სავსე ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით, სხვისი დამცირების მოუთოკავი ვნებით კი არ ინარჩუნებს, არამედ პროფესიონალიზმით, გახსნილობით, სიახლეების მიღებით და სექტორის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე რეფორმებით არის დაინტერესებული.
"კულტურა და სპორტი ნიშნავს სხვა ადამიანების გათვალისწინებას, გუნდურობას, სხვისი გადაწყვეტილებების და სივრცის პატივისცემას, სამწუხაროდ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანისგან ამ ღირებულებების მუდმივი უგულებელყოფის მომსწრენი ვართ", - ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციის შემქმნელები აცხადებენ, რომ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანისგან, მისი დანიშვნის შემდეგ, არ გაჟღერებულა არანაირი გეგმა პანდემიურ სივრცეში თვეობით ჩაკეტილი სახელოვნებო სივრცეების, ხელოვანების და სპორტსმენების მხარდაჭერის და ხელშეწყობის შესახებ.
გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წულუკიანის ღირებულებები და მკვეთრად ანგაჟირებული პოლიტიკური პოზიცია იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ კულტურა, როგორც გამოხატვის თავისუფლება, დადგება საფრთხის ქვეშ.
"არ დავუშვებთ მის მიერ განხორციელებულ კონტროლს, ჩვენი პირადი და სოციალური სივრცის შესწავლის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებებს, არ დავუშვებთ ცენზურას იქ, სადაც ჩვენი ხმა თავისუფლად უნდა ისმოდეს. სადაც და როგორც შევძლებთ ყოველთვის მის წინააღმდეგ ვიქნებით. საქართველოს მთავრობისგან კი მოვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ინფორმაციის გასაჯაროებას, სამოქმედო გეგმის წარდგენას ამ მიმართულებების განვითარებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
პეტიციის შემქმნელები მოითხოვენ თეა წულუკიანთან საჯარო გასაუბრების მოსმენას, როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან და არა როგორც მომავალ მინისტრთან.
პეტიციას ხელს მოქალაქეებთან ერთად კულტურის წარმომადგენლებიც აწერენ ხელს.