26 აპრილიდან, საკვირაო ტელეჟურნალი „დროება“ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ბრუნდება. გადაცემა ეთერში ყოველ კვირას, 20:00 საათზე გავა. ავტორი და წამყვანი გიორგი თარგამაძე აცხადებს, ფორმატის და თემების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, გადაცემა როგორც უფროსი, ასევე ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო იქნება.
„ქვეყანაში არსებული კარანტინის და დაძაბულობის ფონზე, ერთი კარგი ამბავი ნამდვილად გვაქვს, რომ ჩვენ არ გადავდეთ „დროების“ ეთერში გასვლა და ვგეგმავთ, რომ უკვე ამ კვირას, 26 აპრილს, 20:00 საათზე, „ფორმულას“ ეთერში დროების პირველი გამოშვება გავიდეს. ამპლიტუდა თემების არის ვრცელი. ვისაც ახსოვს ძველი „დროების“ მიერ მოცული თემები, მას უფრო ნათლად შეუძლია წარმოიდგინოს. „დროება“ მთელი ოჯახისათვის, ოჯახის სხვადასხვა თაობისთვის ერთად საყურებელ გადაცემად იქნება წარმოდგენილი. ეს ეხება როგორც ფორმატს, ასევე თემების მრავალფეროვნებას, სათქმელის მიტანის ენას და იმ ვიზუალურ და ესთეტიურ სპეციფიკას, რომელიც დროთა განმავლობაში გამოსარჩევი და დასამახსოვრებელი იქნება ტელემაყურებლისთვის. ამ შედეგის მიღწევა 3 და 4 გადაცემის მეშვეობით შეუძლებელი იქნება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ვმუშაობთ "დროებაზე", გამოცდილებაც გვაქვს და კარგადაც გვესმის, რომ სერიოზული მიზნების მიღწევა მხოლოდ სერიოზული ძალისხმევით და მოთმინებით შეიძლება. ასე რომ თანამედროვე „დროება“ ამ თვალსაზრისით იქნება გაგრძელება იმ ჟანრობრივი სპეციფიკისა, რომელიც მან შემოიტანა ქართულ ტელესივრცეში საკმაოდ დიდი ხნის წინ. ეს ამავდროულად არის გამოწვევა, რომ ახალგაზრდა მაყურებელსაც გავუჩინოთ ინტერესი ამ გადაცემის ყურების“, - განაცხადა თარგამაძემ.
გიორგი თარგამაძის თქმით, „დროება პროდაქშენის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სხვადასხვა საკითხების დეტალური განხილვა და ანალიზი იქნება იმისათვის, რომ მაყურებელს საკუთარი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა ჰქონდეს.
„გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს ამოცანას წარმოადგენს ნებისმიერ მოვლენას, საგანს, ფაქტს, პიროვნებას განსხვავებული თვალით შევხედოთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ მხოლოდ რომელიმე ცალკეული, თუნდაც პოლიტიკური ეპიზოდის ჩვენების შეფასებით კი არ შემოვიფარგლოთ, არამედ ზედხედიდან დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, განვიხილოთ კონტექსტში, აღვიქვათ მთელი სურათი და ამ სურათის აღქმის შედეგად, ჩვენს მაყურებელს დავუტოვოთ საკუთარი დასკვნების გამოტანის საშუალება. ეს არის ის პოზიტიური ამბიცია, რომელიც დროების შემოქმედებითმა ჯგუფმა საკუთარ თავზე ავიღეთ - კონტექსტური აზროვნება, დამდგარი და მოსალოდნელი შედეგების არა წინასწარმეტყველება არამედ დასაბუთებული ვერსიების ჩამოყალიბება და მიწოდება ტელემაყურებლისათვის. ჩვენთვის არ იარსებებს დახურული თემები. შევეჭიდებით დიდ თემებსაც, მაგრამ ეს თემები ისე უნდა ავწიოთ, რომ არ გავიწყვიტოთ არც ჩვენ და არ დავძაბოთ, არ დავტვირთოთ ჩვენი მაყურებელიც. დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის ისეთი ფორმით მიწოდებას მაყურებლისთვის, რომ არ შევქმნათ დამატებითი დაძაბულობა ისედაც უკიდურესად დასტრესილ და პოლარიზებულ საზოგადოებაში. პირიქით, ბევრ ნეგატიურ მხარესთან ერთად, საზოგადოებას არათუ უნდა დავანახოთ პერსპექტივა, ასევე ვაჩვენოთ ამის საფუძველი. „დროების“ ძირითადი ფოკუსი ყოველთვის იყო და დღესაც იქნება კრიტიკული შეფასება მათ შორის ელიტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს მთლიანად საზოგადოებრივ ინტერესთან, მაგრამ ეს კრიტიკული შეფასება მხოლოდ განწყობების და ემოციების დონეზე არ უნდა იყოს დაყვანილი. აუცილებელად უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფაქტების ერთობლიობა უნდა წარმოქმნიდეს იმ განწყობას, რომელიც საზოგადოებრივ აზრად ყალიბდება და შემდგომში პოლიტიკური თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილებების საფუძველი ხდება“, - აღნიშნა თარგამაძემ.
მაყურებელი გადაცემაში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად, ახალ სახეებსაც იხილავს.
„დროების“ ჯგუფი საინტერესო ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომელთაგან ზოგიერთი სახელი და გვარი ქართული ჟურნალისტური საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან ცნობილი აღმოჩნდეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი ამ ადამიანების, არიან დებიუტანტები. შეიძლება გარკვეული სატელევიზიო გამოცდილება ჰქონდეთ, მაგრამ არა როგორც ჟურნალისტებს. ესეც საკმაოდ სარისკო, მაგრამ საინტერესო ექსპერიმენტია, რომელსაც სიამოვნებით შევეჭიდე და ვფიქრობ, ეს გაბედული ნაბიჯი შედეგის თვალსაზრისით კარგად დაგვირგვინდება“, - აღნიშნა თარგამაძემ.
კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები გადაცემასაც შეუქმნა, რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო ქვეყანაში შესაბამისი აპარატურის ჩამოტანა ვერ ხერხდება. თარგამაძის თქმით, ამ კუთხით სიტუაციის განმუხტვასთან ერთად, „დროება“ მოლოდინებს, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში, კიდევ უფრო ღირსეულად უპასუხებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გეგმები განსხვავდებოდა იმისგან, რა ფორმითაც ამ კვირას გავა დროება ეთერში, იგივე სტუდიის დიზაინის თვალსაზრისით, სიუჟეტების თვალსაზრისით და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვიწევს მუშაობა ექსტრემალურ ვითარებაში, გადაადგილებაც კი პრობლემაა და რესპოდენტებთან მიღწევისთვის თითქმის გადაულახავი ბარიერებია შექმნილი, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობა თითქმის შეუძლებელია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თავად "დროებისთვის" განკუთვნილი, ჩვენს მიერ შეძენილი აპარატურის მხოლოდ 10%-ია ჯერჯერობით ჩამოსული, რადგან საზღვრების დაკეტვამ პირდაპირ იმოქმედა, სტუდიურადაც ჯერჯერობით ისეთი სტუდიიდან გავალთ, რომელიც საბოლოოდ სულ სხვა ფორმით იქნება წარმოდგენილი, სიუჟეტების მრავალფეროვნების და გეოგრაფიული მოცვის თვალსაზრისითაც, მომდევნო თვეების განმავლობაში ქვეყანაში სიტუაციის განმუხტვასთან ერთად, „დროებაც“ უფრო ფართოდ გაშლის ფრთებს და მოლოდინებს, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში კიდევ უფრო ღირსეულად უპასუხებს“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.