საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირზეა საუბარი.
წულუკიანმა ანგარიშს არასერიოზული უწოდა და აღნიშნა, რომ ოპონენტები ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, 2012 წლის ივლისის რიტორიკას დაუბრუნდნენ, როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი პუტინის დავალებით მოქმედებდნენ.
„უცნაურია, რომ ეს კვლევა თქვენ რომ ნახეთ სააკაშვილს უკვე ნანახი და ფეისბუკზე დადებული ჰქონდა, უკრაინელი პოლიტიკოსია ასეთი, აღმასკომის თავმჯდომარეა რეფორმების დარგში. ჩვენ დიდი ხანია ვართ ჩართული პოლიტიკურ პროცესში. ვგულისხმობ 2010-2011 წლებს, მახსენდება და მაქვს დეჟავუ. ჩვენ გვახსოვს 2012 წელს მსგავსი კვლევები, სადაც ეწერა, რომ „ქართული ოცნება“ არის პუტინის აგენტი, რომ ბიძინა ივანიშვილი იმისთვის რომ პუტინის დავალებით მოვიდეს ხელისუფლებაში, არიგებს მაცივრებს და ტელევიზორებს. იყო ასეთი სასიქადულო პოლიტიკოსი ევროპაში, ვინმე მარტენსი, რომელიც ამაყად ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ პუტინის დავალებით ურიგებს ქართველებს მაცივრებს და ტელევიზორებსო. მე პირადად ეს გამახსენდა როდესაც სააკაშვილმა ეს „კვლევა“ გამოაქვეყნა. ამავე კვლევაში არის მნიშვნელოვანი „სხვა მიგნებები“ და წერია, რომ ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიო სამხედრო თანამშრომლობა არის ორ ქვეყანას შორის უმაღლეს ნიშნულზეო. ეს შეუსაბამობები იწვევს ირონიას და ამიტომ ვსაუბრობ ირონიულად. მახსენდება ერთ-ერთი შეხვედრა როდესაც ბიძინა ივანიშვილს ვახლდი ერთ-ერთ მივლინებაში სტრასბურგში. ის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრი იყო და მას ჰკითხეს სწორედ ამგვარმა ვითომ ანგარიშის და ანალიზის ავტორებმა კითხეს, რატომ წაართვი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „იმედი“ თავის მესაკუთრესო. ჩვენ გაგვეღიმა და ვუთხარით, რომ იმედი კი არ წავართვით მესაკუთრეს არამედ ჩამოვართვით იმას, ვისაც მიტაცებული ჰქონდა და დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეს, რაც „რუსთავი 2“-ის შემთხვევაშიც, სტრასბურგის სასამართლოს ძალით, ხელისუფლებამ მოახერხა რომ დღეს ეს ტელევიზია ეკუთნის იმას ვისაც წაართვეს წინა ხელისუფლების დროს.
"ჩემთვის დასკვნა არის მარტივი, „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით რესურსი პრაქტიკულად ამოწურეს. ისინი არიან განწირულნი მარცხისთვის, ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერი, ჩვენ ყველანი ვართ ვითომ პუტინის აგენტები, რომ ვცდილობთ ხელისუფლებაში დარჩენას ისევ პუტინის დავალებით. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული. უკვე სერიოზულობით ვამბობ, ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთია, ვინც არის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისითვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო", — განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა მწვავე ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა. დოკუმენტში რომელიც 13-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა შეიმუშავა ვკითხულობთ, რომ ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირე და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში ჩართული ოლიგარქია. რესპუბლიკური პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტის მომხრე ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს.