logo
ENG



ფორმულას ექსკლუზივი - სასამართლოს ე.წ. კლანმა მანანა კობახიძის მხარდაჭერა ძმის დაწინაურების სანაცვლოდ მოიპოვა

22 ივნ 202020:09
3 წუთის საკითხავი
 

ფართოვდება თუ არა ე.წ. კლანის გავლენები საკონსტიტუციო სასამართლოში - „ფორმულას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის მხარდაჭერა, სასამართლოს ე.წ. კლანმა ძმის დაწინაურების სანაცვლოდ მოიპოვა.

„ფორმულას“ წყარო უყვება, რომ თედო კობახიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პანდემიის დროს განაცხადი ჰქონდა შეტანილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ ასარჩევად. თავად კობახიძე „ფორმულასთან“ მოსამართლეობის სურვილს არ უარყოფს და არ გამორიცხავს, საზოგადოებამ კანდიდატად ისევ იხილოს.

საკითხთან დაკავშირებით „ფორმულას“ კითხვამ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დააბნია. გიორგი მიქაუტაძეს, რომლის კომპეტენცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაა, არ ახსოვს, თედო კობახიძემ საბჭოში განაცხადი შეიტანა თუ არა. 

თედო კობახიძე საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძის ძმაა. მისი სახელი და გვარი საკრებულოში მუშაობის პერიოდში ბევრ სკანდალურ საქმეს უკავშირდება. ერთ შემთხვევაში საკრებულოს თანამშრომელი მას ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდა, მეორე მხრივ კი, გასაჯაროვდა საკრებულოს სხვა თანამშრომლების ინფორმაცია, სადაც ისინი წერდნენ რომ კობახიძე მათ დევნის, დისკრიმინაციას ახდენს და სამსახურიდან წასვლას აიძულებს.

მესამე სექტორი განმარტებებს ითხოვს. მათთვის გაუგებარია, თუკი მანანა კობახიძე მურუსიძე-ჩინჩალაძის საჯაროდ ბევრი წლის განმავლობაში აკრიტიკებდა, რა მოხდა ახლა, რომ ის მერაბ ტურავას წარმდგენია. სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიცის საბჭოს წერილით მიმართა, სადაც ის კანდიდატთა სიას ითხოვდა. საბჭოდან წერილი მიიღო, სადაც მოსამართლეობის მსურველი სამი კანდიდატის სახელი და გვარი დაშტრიხულია იმ არგუმენტით, რომ თავად კანდიდატებმა არ ისურვეს პირადი ინფორმაციის გამჟღავნება.

სამართალმცოდნეები, რომლებიც წლებია სასამართლოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, ამბობენ, რომ ფაქტია, პოლიტიკური გარიგება შედგა. მიზანი „ქართული ოცნების“ სურვილია, რომ სასამართლო ხელისუფლება საბოლოოდ პარტიის ინტერესებს დაექვემდებაროს. 

საკითხთან დაკავშირებით ​კენჭისყრა ხუთშაბათს არის ჩანიშნული. სწორედ მაშინ გაირკვევა ვინ იქნება უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი, თუ მერაბ ტურავა.


close დახურვა