logo
ENG



კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის კალაძეს: არ გააღრმავოთ მედიაზე თავდასხმის რისკები

25 ივნ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 
vupo6y54jw7it1k.jpg

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ თბილისის მერის კახა კალაძის მიერ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას განცხადებით ეხმაურება. მასში ნათქვამია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. 

კოალიცია კალაძეს მოუწოდებს, რომ იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები.

„მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა.

განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები.

თბილისის მერს, როგორ მმართველი პარტიის წარმომადგენელს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის მერი, კახა კალაძე კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფეისბუკ კამპანიას აანონსებს. ის სამ არხს: „ფორმულას“, „TV პირველსა“ და „მთავარს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აპირებს, კრიტიკულ სიუჟეტებს ლაივ ჩართვები მიუძღვნას. 

2019 წლის დეკემბერში ფეისბუქმა თავისი პლატფორმიდან, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 418 ქართული ანგარიში, კერძოდ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 


close დახურვა