logo
ENG



Wizz Air-ის ქუთაისის ბაზა დაცარიელდა - კომპანია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

01 ივლ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ხელისუფლება ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ხვდება და ე.წ.-ი მწვანე ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებას ცდილობს. ევროკავშირის მიერ გახსნილი ცა საქართველოს მხრიდან ჯერაც დაკეტილია, რამაც შედეგი უკვე გამოიღო, ჩეხეთის მიერ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის სიაში თბილისი ვერ მოხვდა, არადა მთავრობა ირწმუნებოდა, რომ ტურიზმის გახსნის თაობაზე პრაღასთან მოლაპარაკებები წარმატებებით მიმდინარეობდა. 

საქართველო ვერც ავსტრიის უსაფრთხო მიმღებთა ჩამონათვალში მოხვდა.

უკვე დაცარიელდა ვიზეარის ქუთაისის ბაზა, ერთ-ერთი ყველზე ხელმწისაწვდომი ავიაკომპანია გაურკვეველი ვადით ოპერირებას წყვეტს. ორი ავიახომალდი საქართველოდან უკვე გასულია და ბაზის მუშაობის განახლებამდე არ დაბრუნდება, კომპანია მთლიანად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ ქუთაისში ვიზეარის ბაზირება მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო. 

Wizz Air-ის ​წარმომადგენელი ქუთაისის აეროპორტში ბაზების გაუქმებასთან დაკავშირებით „ფორმულასთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, ვიზეარის ბაზების ფუნქციონირება გაურკვეველი დროით არის დახურული.

„ჩვენ არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას. ჩვენ ვაჩერებთ ფუნქციონირებას შემდეგ შეტყობინებამდე. მივყვებით ყველა იმ ადგილობრივ წესს, რომელიც მთავრობას აქვს დაწესებული. თუკი შესაძლებელი იქნება სხვა ჰაბიდან ქუთაისისკენ ფრენა, ამ შესაძლებლობას განვიხილავთ და რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ. ვაკვირდებით სიტუაციას და ვიკვლევთ, როგორ შეიძლება რეისების განხორციელება საქართველოში. პატივს ვცემთ საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ვასრულებთ ყველა ამ რეგულაციას. ამ დროისთვის მე არ შემიძლია გითხრათ, როდის განვაახლებთ ფრენებს ქუთაისის მიმართულებით“, - განაცხდა ანდრიას რადომ.

როგორც იცით, მთავრობას გამოცხადებული ჰქონდა, რომ ფრენები 1 ივლისიდან განახლდებოდა, შემდეგ კი მოულოდნელად პირველ აგვისტომდე გადაწიეს. ვითარება იმდენად გაურკვეველია ვიზეარისთვის, რომ ქუთაისთან დაკავშირებით მათ აგვისტოს განრიგიც არ აქვთ შედგენილი. სამაგიეროდ, სხვა ქვეყნებში, სადაც განსხვავებით საქართველოსგან ფრენები აღდგა, ვიზეარი ახალ ჰაბებს და რეისებს ხსნის.

„ჩვენ გამოვაცხადეთ ევროპაში ახალი ბაზების შესახებ. ახლახანს გავხსენით ლარნაკა, დორტმუნდი, მილანი, ტირანა. ჩვენს ქსელს დავამატეთ ზალცბურგი და ასზე ახალი მიმართულება, ბოლო რამდენიმე კვირასა და თვეში“, - განაცხადა რადომ.

ვიზეარის ფრენების შეჩერება საკმაოდ მძიმედ მოქმედებს სხვა ქართულ ბიზნესებზე, რომლებიც ამ ავიაკომპანიის ოპერირებასთან იყო მიბმული.


close დახურვა