დღეს, 13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშს უყრის კენჭს.
დოკუმენტში კენჭისყრისთვის 165 შესწორება მომზადდა, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების შესახებ.
შესწორებების ნაწილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის სრულად შეთანხმებას ეხება. არა ერთხელაა ნახსენები პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას სახელი და გვარიც.
კერძოდ, მხარდაჭერის შემთხვევაში, დოკუმენტში შემდეგი შესწორებები შევა:
შესწორება 46 (ანა ფოტიგა, ჰერმან ტერჩში, კოსმა ზლოტოვსკი, იაჩეკ სარიუზ-ვოლსკი) და 52 (ანდრეა ჰალიცკი):
"მივესალმებით გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ, რაც მოიცავდა საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის აღმოფხვრას. ველით საარჩევნო სისტემაში შეთანხმებული ცვლილებების ხილვას, როდესაც საქართველოს პარლამენტი მუშაობას დაუბრუნდება, ასევე ციხიდან გიორგი რურუას გამოშვებას, როგორც ეს გათვალისწინებულია 8 მარტის შეთანხმებით".
შესწორება 66 - ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიანე, სანდრა კალნიეტე, მირიამ ლექსმანი:
"ხაზს უსვამს დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია გარემოს მნიშვნელობას, რომელიც თავისუფალია მთავრობის ან სხვა სახის სახელმწიფო ჩარევისაგან. აღნიშნავს, რომ მედია გარემო საქართველოში დინამიური და მრავალფეროვანია, თუმცა ასევე - პოლარიზებული; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას, რომ მთავრობის მიმართ კრიტიკული მედია ორგანიზაციები ხდებიან ზეწოლის ობიექტი სასამართლო საქმეების მეშვეობით, რაც მიმდინარეობს დამფუძნებლების წინააღმდეგ (ნიკა გვარამია „მთავარიდან“), მეწილეების დაკავებით (გიორგი რურუა „მთავარიდან“) ფინანსური და გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებით (ავთანდილ წერეთელი „ტვ პირველიდან“), ასევე კრიტიკული ჟურნალისტების და რედაქტორების გათავისუფლებით (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი)".
შესწორება 79 (ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიანე, სანდრა კალნიეტე, მირიამ ლექსმანი)
"გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სასამართლო საქმეების გამო, რომელთაც ხელი შეუწყვეს უნდობლობასა და დაძაბული კლიმატს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, გამოიწვიეს პოლიტიკასა და საზოგადოებაში პოლარიზაცია; მოუწოდებს საქართველოს, პატივი სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უმაღლეს სტანდარს და სამართლიან სასამართლოს; მიესალმება ოპოზიციის ორი ლიდერის შეწყალებას, როგორც 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ დაგადგმულ ნაბიჯს და ელის გიორგი რურუას გათავისუფლებას; ხაზგასმით მოუწოდებს, დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება ან ოპოზიციის ლიდერებზე ზეწოლის სხვა არალეგალური ან გაუმართლებელი ადმინისტრაციული ზეწოლა."
დოკუმენტის პირველი განხილვა ორი თვის წინ გაიმართა - ევროპარლამენტარებმა არა ერთი მწვავე განცხადება გააკეთეს საქართველოში პოლიტიკური პატიმრებისა და საარჩევნო სისტემის შესახებ.