ხვალ, 20 ივნისს, ქართული ოცნება 2020 წლი არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატების სავარაუდო ვინაობას გაეცანით აქ.
„დროების“ ინფორმაციით, ქვეყნის რეგიონებში მმართველი გუნდი შემდეგი კანდიდატების წარდგენას აპირებს:
აჭარა
ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად ქართული ოცნება რესან კონცელიძეს წარადგენს. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. ეს ის სამმართველოა, რომელიც, ერთი თვეა, აჭარაში სპორტსმენებისგან დაკომპლექტებული ზონდერ ჯგუფების სკანდალშია გახვეულია.
ქობულეთის საარჩევნო ოლქში აჭარის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზაალ მიქელაძეს, წარადგენენ.
ხელვაჩაური-ქედა-შუახევის ოლქში ქართული ოცნება კვლავ ანზორ ბოლქვაძეს წარადგენს, რომელიც, უკვე 12 წელია, საქართველოს პარლამენტის წევრია. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის მიხედვით, ის ნეპოტიზმში, კლანურ მმართველობაში და მილიონიანი ტენდერების მოგებაშია მხილებული.
გურია
აქ მაჟორიტარობის კანდიდატზე ორი ვერსია არსებობს - შესაძლოა, კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, დააყენოს. მეორე ვერსიით კანდიდატი დეპუტატი ნინო წილოსანი იქნება.
სამეგრელო
ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში ფოთის მოქმედ მაჟორიტარს, ბიზნესმენ ირაკლი ხახუბაიას წარდგენას აპირებენ.
ზუგდიდში მმართველი გუნდი ორ კანდიდატს განიხილავს - პრემიერის მრჩეველს ირაკლი ჩიქოვანს და სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას.
იმერეთი
ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბო - აქ კანდიდატად იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატის გიგი ჭიჭინაძის დასახელებას აპირებენ.
სამტრედია-ჭიათურა-ხარაგაული - აქ მმართველი გუნდი საჩხერის მოქმედი მაჟორიტარის, კონსერვატორების ყოფილი წევრის, პაატა კვიჟინაძის დასახელებას გეგმავს.
ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათი - კანდიდატი ტყიბულისა და თერჯოლის მოქმედი მაჟორიტარი, ჩაჩავას კლინიკის დამფუძნებელი ელგუჯა გოცირიძე იქნება.
ქუთაისი - კანდიდატად ზაზა ლომინაძეს განიხილავენ. ის ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი და ქუთაისის საავადმყოფოს ერთერთი დამფუძნებელია.
ონი-ამბროლაური-ცაგერი მესტია - ქართული ოცნება ამბროლაურის მოქმედ მაჟორიტარს, გოჩა ენუქიძეს, წარადგენს.
ქართლი
გარდაბანსა და მარნეულში მმართველი გუნდი მარნეულის მოქმედ მერს, ზაურ დარდელს, წარადგენს.
ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყარო - აქ გოგი მეშველიანს წარადგენენ.
კასპი და გორი - დროების ინფორმაციით, კანდიდატი ირაკლი მეზურიშვილი იქნება.
მცხეთა-დუშეთი-თიანეთი - მაჟორიტარობის კანდიდატად, სავარაუდოდ, მცხეთის მოქმედ მაჟორიტარს დიმიტრი ხუნდაძეს ვიხილავთ.
კახეთი
ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხი - "დროების" ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კახეთის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი დასახელდება. არსებობს სხვა ვერსიებიც, რომ აქ კანდიდატი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ან მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი იქნება.
გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყაროში გურჯაანის მოქმედი მაჟორიტარის, დავით სონღულაშვილის, წარდგენა იგეგმება.
გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთში ქართული ოცნება, სავარაუდოდ, მოქმედი დეპუტატის ენზელ მკოიანის წარდგენას გეგმავს.