შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულები 1988, 1991, 1997 და 1999 წელს დაბადებული პირები არიან.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.