logo
ENG



გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ადვოკატები მასალების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა

12 აგვ 202015:36
3 წუთის საკითხავი
 
ujy7sdj234knuhs.jpg

გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. 

"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდების მხარემ დაცვის უფლების განხორციელების მიზნით სრულად გადასცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე.

საქართველოს პროკურატურა მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ", - წერია პროკურატურის განცხადებაში. 


close დახურვა