არეულობის მეოთხე ღამეს ბელარუსში მეორე დემონსტრანტი გარდაიცვალა. 25 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
დაღუპულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს კი ის ომონის კუთვნილ ფურგონში საათობით ჰყავდათ გამოკეტილი.
პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების ძალებმა საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილობრივები აივნიდან აქციის მონაწილეთა მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაგმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხი ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მიმართეს „სწორი გადაწყვეტილება" დროულად მიიღონ. მსგავსი გზავნილი გაავრცელა ბიზნესმენთა ნაწილმაც და მათ ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. ომონს ძალადობრივი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს ექიმებმაც.