ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი საარჩევნო ბლოკ ძალა ერთობაშიას შეუერთდა. მან მემორანდუმს ენმ-ის ლიდერ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, ხელი დღეს მოაწერა.
"ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ და ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს "ძალა ერთობაშია". ჩვენ ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია "პროგრესი და თავისუფლება" იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემო.
ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი, რომ დავამარცხოთ სიდუხჭირე და მყისიერად შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ოქრიაშვილმა მემორანდუმზე ხელის მოწერისას.
ოქრიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პარტიის "პროგრესი და თავისუფლების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" მაჟორიტარ კანდიდატად აღარ დაუსახელებია.
4 მოწვევის პარლამენტის წევრი 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოქრიაშვილმა პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვა. მან 66,17%-იანი მხარდაჭერით დაამარცხა ოპოზიციის კანდიდატები.
ოქრიაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი იყო მმართველი პარტიის რიგებიდან.