COVID-19-ის სამთავრობო პროგრამებით ხმების ყიდვა და კამპანიის სხვა არასათანადო დაფინანსების მეთოდების აღმოფხვრა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა გამოწვევები, ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულება - ამ საკითხების ირგვლივ შესწორებებს დღეს, 15 სექტემბერს, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მხარი დაუჭირეს.
შესწორებები ასოცირების შეთანხმების შესრულების რეზოლუციაში შევა, რასაც საბოლოო სახით, უკვე ხვალ, 16 სექტემბერს მიიღებენ.
საბოლოო ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და პარტიებს შორის ახალ საარჩევნო სისტემაზე 8 მარტის შეთანხმება. ამასთან, ევროპარლამენტში შეშფოთებას გამოხატავენ "საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვების" გამო.
დოკუმენტში შესული შესწორებებიდან, ორი თავად რეზოლუციის ავტორს, ევროდეპუტატ სვენ მიქსერს ეკუთვნის. მასში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.
მიქსერი აღნიშნავს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება საქართველოს დემოკრატიულობის დადასტურება და იგი იმედოვნებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია იქნება სამართლიანი.
სვენ მიქსერი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ეუთო/ოდირის (2019 წლის 28 თებერვალი, საპრეზიდენტო არჩევნების ანგარიში) რეკომენდაციები და გააგრძელოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა, რათა აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები და გამოწვევები, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება თუ კამპანიის სხვა არასათანადო დაფინანსების მეთოდები, ასევე, ძალადობის დაუსჯელობა, სიძულვილის ენის გავრცელება და ქსენოფობია, ხმების ყიდვა, მათ შორის, Covid-19-თან დაკავშირებული სამთავრობო პროგრამების მეშვეობით.
მისივე აღნიშვნით, მნიშვნელოვანია საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეფექტიანობა და ის, რომ ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდეს, თავისუფლად, ზეწოლის გარეშე მისცეს ხმა. მიქსერი მიუთითებს საარჩევნო კანონმდებლობის სწრაფ და თანმიმდევრულ განხორციელებაზეც.
სვენ მიქსერის მეხუთე შესწორებაში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. დოკუმენტში წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენას. იგი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააგრძელონ დიალოგი ამავე ფორმატით, რათა გაუმჯობესდეს იქ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა.
ერთერთი შესწორების ავტორია ევროპარლამენტარი მწვანეებიდან მარკეტა გრიგოროვა, რომელიც მიუთითებს საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რიცხვზე და მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, დააჩქარონ განხილვის ინდივიდუალური პროცედურა.
შესწორებაში წერია, რომ ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების მნიშვნელობას და ამ კუთხით, წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაზრდას.
რა წერია რეზოლუციაში - მთავარი გზავნილები
რეზოლუცია მოიცავს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესრულების შეფასებას.
მომხსენებელი აფასებს პოლიტიკურ დიალოგს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობას.
საერთო ჯამში, ანგარიშში პოზიტუირად არის შეფასებული ასოცირების შეთანხმების შესრულება, რეფორმების განხორცელებისა და კანონმდებლობის მიღების კუთხით.
მნიშვნელოვან პროგრესად არის მოხსენიებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება და პოლიტიკური პარტიების მიერ, საარჩევნო სისტემაზე 8 მარტის შეთანხმება.
შეშფოთებას იწვევს სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობა საქართველოში, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებისა და ოპოზიციონერთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეების წამოწყების გამო. მათი თქმით, ამან გაზარდა ეჭვები სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის მიმართ. საქართველომ უნდა შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, ისეთის, როგორიცაა ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი. რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს 2019 წლის ივნისში პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტების ინციდენტები დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ.
ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად უზრუნველყოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.
რეზოლუციის თანახმად, საქართველოს წინაშეა, ასევე მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევები, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებული სიტუაცია, კიბერთავდასხმა, რაც რუსეთის აქტორებს უკავშირდება. რეზოლუციით ევროპარლამენტარები მიუთითებენ ამ მხრივ ეფექტიანი გამოძიებისა და უცხოეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის/პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროებაზე.
ევროკავშირი რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად.