logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

29 სექ 202010:42
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით დღეს 33-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მათივე ინფორმაციით, პაციენტს მკურნალობის პერიოდში სხვადასხვა დაავადება აღენიშნებოდა. ესენია: COVID -19, ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი.

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დღეს 314-ით გაიზარდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 8 664 PCR ტესტი ჩატარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 5866 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 2324 გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5637 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 800 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.


close დახურვა