საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, დავით გარეჯის საქმეზე 2 ადამიანის დაკავება აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს.
მისივე განცხადებით, პასუხი უნდა გაეცეს "ძალიან მძიმე" შეკითხვას, თუ რატომ გამოიყენეს 1945 წელს და შემდგომ წლებში გამოცემული რუკები, როდესაც "1938 წელს გამოცემული რუკა, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, უფრო სამართლიან პირობებს ადგენდა".
თალაკვაძის თქმით, ქართული მხარე ეცდება განაგრძოს მოლაპარაკებები და მიაღწიოს იმ პირველადი შეთანხმების გადახედვას, რომელიც "ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო, სავარაუდოდ, მიღებული".
"აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ახლად აღმოჩენილი გარემოებებით და იმ ფაქტებით, რაც დადგინდება გამოძიების ფარგლებში, უკვე ვეცდებით, განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც, როგორც ირკვევა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო, სავარაუდოდ, მიღებული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საჯაროდ ვერ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რას ეკითხებოდა მათ გამოძიება.
ივერი მელაშვილმა ფორმულასთან არაერთხელ თქვა, რომ რჩება განცდა, რომ წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის და საზღვრის დამდგენი კომისიის საკითხის წამოწევის უკან "შესაძლოა, სხვა ინტერესები იდგეს".
ნატალია ილიჩოვამ კი განაცხადა, რომ კითხვები, რომლებსაც მას გამომძიებლები უსვამდნენ, საქმეს სცდება. ილიჩოვას თქმით, "შოკირებულია თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და პროკურატურის დაწყებული გამოძიებით და საქმის დაწყების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს ხედავს".