logo
ENG



დანიაში საქართველოს ელჩი: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, ბრალდება აბსურდულია

07 ოქტ 202017:35
3 წუთის საკითხავი
clock 7473
p0orpzb4l6ycnc5.jpg

დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე "აბსურდულს და საღ აზრს მოკლებულს" უწოდებს დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრებისთვის წარდგენილ ბრალდებას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს დაკავებულ ივერი მელაშვილს.

ამის შესახებ მოქმედმა ელჩმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა:

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება", - წერს გიგიაძე.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავაგამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საჯაროდ ვერ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რას ეკითხებოდა მათ გამოძიება. 

ივერი მელაშვილმა ფორმულასთან არაერთხელ თქვა, რომ რჩება განცდა, რომ წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის და საზღვრის დამდგენი კომისიის საკითხის წამოწევის უკან "შესაძლოა, სხვა ინტერესები იდგეს".

ნატალია ილიჩოვამ კი განაცხადა, რომ კითხვები, რომლებსაც მას გამომძიებლები უსვამდნენ, საქმეს სცდება. ილიჩოვას თქმით, "შოკირებულია თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და პროკურატურის დაწყებული გამოძიებით და საქმის დაწყების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს ხედავს".

ოპოზიცია საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.


close დახურვა