logo
ENG



მშვენიერაძე: 2019 წლიდან რუკა კომისიის წევრ ირმა გაბუნიას ჰქონდა და არა ნატალია ილიჩოვას

13 ოქტ 202021:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ რუკა, რომლის გამოც დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავეს, კომისიის ახალ წევრს, ირმა გაბუნიას ჰქონდა.

მშვენიერაძის თქმით, ილიჩოვამ კომისიაში საქმიანობა 2019 წლის მაისში დაასრულა და სხვადასხვა დოკუმენტაცია, მათ შორის 1937-1938 წლის რუკა, გაბუნიას თავად გადასცა.

მისივე განცხადებით, პროკურატურამ შეთხზა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ილიჩოვა და მელაშვილი კომისიის სხვა წევრებს რუკას "უმალავდნენ".  

"ამბობენ, რომ ეს რუკა ილიჩოვას კაბინეტიდან ამოიღეს. ილიჩოვა 2019 წლის მაისის შემდეგ აღარ იყო კომისიის წევრი. დადასტურებულია ჩვენებებით როგორც ილიჩოვასი, ასევე ქალბატონი ირმა გაბუნიას ჩვენებით, მისი თანამშრომლის, რომელიც ადასტურებს, რომ ეს მასალები მას გადასცა ილიჩოვამ იმიტომ, რომ ირმა გაბუნია გახდა კომისიის წევრი და როდესაც დაკითხეს ქალბატონი ილიჩოვა მან თქვა, რომ ეს მასალები იქნება ირმა გაბუნიას ოთახში. როდესაც ჩხრეკაზე მივიდნენ, ამოიღეს იმ ოთახიდან, სადაც ირმა გაბუნია და ნატალია ილიჩოვა ერთად სხედან. 2019 წლის მაისიდან ეს რუკა იმ ქალბატონს ჰქონდა და არა ნატალია ილიჩოვას. რუკების დამალვა არის მითი, რომელიც შეთხზეს", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. უწყებაში განაცხადეს, რომ დაკავებულებს გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი და საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ გამოეყენებინათ ის საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ამასთან, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რა ვიცით დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების საქმეზე, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა