ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას აქვს სქემა, რომლის ფარგლებშიც არჩევნების შემდეგ მათთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე დაიწყებენ საუბარს.
ოპოზიციის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების "სქემას" წულუკიანმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. გამოსვლისას იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ისიც თქვა, რომ ქართულ ოცნებას 60%-მდე მხარდაჭერა აქვს და ოპოზიციამ იცის, რომ "არჩევნებს აგებენ":
"ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებში და მანამდე გამოქვეყნებულ სხვადასხვა კვლევას, ასევე ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი ვართ მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან და ყველაფერი ეს მოწმობს, რომ ქართულ ოცნებას აქვს 60%-მდე მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა ოპონენტებმა. ეს არის რეალობა, მათ იციან, რომ არჩევნებს აგებენ.
თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, არსებობს გარკვეული სქემა. ამ სქემის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, შექმნან არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში ცრუ ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნოთ მათ განახორციელონ გარკვეული ქმედებები", - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ სქემის ერთერთი კომპონენტი ქართული ოცნების მონიტორინგის ჯგუფმა ღია წყაროებზე დაყრდნობით შეადგინა და ის ასე გამოიყურება:
"129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 1/4, 32 მათგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული. ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას - 20 ორგანიზაცია, 8 - ევროპულ საქართველოს, 2 - სტრატეგია აღმაშენებელს, 2 - პატრიოტთა ალიანსს.
ეს არის ყველაზე თვალსაჩინო და მყვირალა მაგალითი იმისა, როგორ სარგებლობენ ქართული ოცნების მიერ შემოტანილი ლიბერალური და გამჭვირვალე საარჩევნო მოდელითა და სისტემით ოპოზიციური პარტიები იმისთვის, რომ შექმნან ცრუ ამბები ე.წ. ვითომ დარღვევებთან დაკავშირებით, როგორ გააკრიტიკონ უსაფუძვლოდ ის ინსტიტუტი, რომელსაც ცესკო ჰქვია და არჩევნების და მომდევნო დღეებში შექმნან მთელი კასკადი იმ პროვოკაციებისა, რომელიც ნამდვილად არის გეგმაში", - აღნიშნა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, გამართული ბრიფინგი ამ სქემის ამოქმედების "პრევენციას" ეძღვნება.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.