logo
ENG



პენიტენციური ადასტურებს, რომ რურუას თავს დაესხნენ - დაწყებულია გამოძიება

02 ნოე 202019:45
3 წუთის საკითხავი
clock 1085
nb68c3fe047j9oe.png

პენიტენციური სამსახური ფორმულას ეთერში ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც გიორგი რურუას საპატიმროში თავს დაესხნენ და აცხადებს, რომ რურუას დღეს, 2 ნოემბერს ფიზიკურად დაუპირისპირდა 5 პატიმარი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. პენიტენციურ სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, დაიწყო გამოძიება. 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. რურუას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

"2020 წლის 2 ნოემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან. გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია. გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი", - ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.

ამჟამად მიმდინარეობს დაკითხვის პროცედურები და კანონით დადგენილი წესით დაარქივებულია მოცემული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.

რურუაზე თავდასხმას ხელისუფლების დაგეგმილს უწოდებს მთავარი არხის მეწილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და ამ ყველაფერს არჩევნებს უკავშირებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე 30 ივლისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდაგიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა მმართველი გუნდი ამ პირობას დღემდე არ ასრულებს.


close დახურვა