logo
ENG



პენიტენციური გრიგორიადისზე: სიცრუეა, რომ თმა მთლიანად გადაპარსეს, თან ნების წინააღმდეგ

03 აპრ 202320:48
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციური გრიგორიადისზე: სიცრუეა, რომ თმა მთლიანად გადაპარსეს, თან ნების წინააღმდეგ

პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, სიმართლე არაა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. უწყება ტყუილს უწოდებს იმასაც, რომ დაკავებულთან ადვოკატი არ შეუშვეს.

პენიტენციური ირწმუნება, რომ გრიგორიადისის უფლებები დაცულია.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება 2023 წლის 31 მარტს 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.

მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი.

ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღეს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. 

უფლებადამცველის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.


close დახურვა