საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახრუს ცნობით, აბასთუმნის ნაკრძალში დაკარგული 7 ახალგაზრდა იპოვეს.
"უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, 112-ში შესული ზარის თანახმად, ახალგაზრდების ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.
"ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები.
საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები", - აღნიშნავენ საგანგებოში.