logo
ENG



აბაშიძე: რუსეთმა საქართველოს ცა ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის გადასაყვანად გამოიყენა

11 ნოე 202016:50
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/11/5871dl24kwk5hjy.jpg

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი, ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის გადაყვანის მიზნით საქართველოს ცა გამოიყენა. 

ეხო კავკაზას მან უთხრა: 

"რაც შეეხება სამშვიდობო კონტინგენტის ლოგისტიკის (მხარდაჭერის) საკითხში საქართველოს მონაწილეობას, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის საფუძველზე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე, საკითხის გადაუდებელობიდან და მშვიდობის დამყარების შეზღუდული დროიდან გამომდინარე, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, გადაიყვანება დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, წინასწარ შეთანხმებული და შეზღუდული ვადით. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები". 

ინფორმაცია, რომ საქართველომ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა, თავდაპირველად გამოცემა SOVA-მ გაავრცელა. 

10 და 11 ნოემბერს flightradar-ზე გამოცემამ რუსული მძიმე სამხედრო ტრანსპორტი Il-76MD შენიშნა, რომელიც გაფრინდა რუსეთიდან სომხეთისკენ და უკან. 

SOVA-ს განცხადებით, პირველ შემთხვევაში თვითმფრინავი მოზდოკიდან გაფრინდა, სადაც რუსეთის საჰაერო ძალების სტრატეგიული საავიაციო ბაზა მდებარეობს. უკან დასაბრუნებელი რეისი თვითმფრინავმა ელიანოვსკიდან განახორციელა, სადაც, ვასტოჩნის აეროპორტის ბაზაზე 235-ე სამხედრო სატრანსპორტო საავიაციო პოლკი მოქმედებს. 

ცნობილია, რომ ულიანოვსკიდან სამშვიდობოებს ყარაბაღში აგზავნიან. რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხოლოდ 10 ნოემბერს ჯარისკაცები, სულ ცოტა, ექვსი თვითმფრინავით გადაიყვანეს. 

გარდა ამისა, ტელეგრამ არხმა Доклад разведки გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სავარაუდოდ, მოზდოკიდან აფრენილი თვითმფრინავის ბორტიდან, რეისის ნომრით 78 835, რომელზე მყოფი პირიც დისპეტჩერს ეუბნება: "ინფორმაცია ლაინერისთვის - არსებობს ფუნდამენტური შეთანხმება, დამყარდეს რადიოკავშირი რუსულ ენაზე საქართველოს ტერიტორიაზე". 

3 ოქტომბერს, მაშინ, როცა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობდა, საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე. 


close დახურვა