რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი სერგეი კატირინი საქართველოსთან ურთიერთობების დათბობაზე, ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების გამყარებაზე, სავაჭრო ბრუნვის პოტენციურ ზრდასა და საქართველოს გავლით სარკინიგზო ტრანზიტის შექმნაზე საუბრობს.
მან რუსულ გამოცემა Rossiyskaya Gazeta-სთან ინტერვიუში უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ბიზნესპარტნიორობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
კატირინის ცნობით, 2023 წელს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეიქმნა რუსეთ-საქართველოს ბიზნესის საბჭო, რომელმაც გამოცემის ცნობით, უკვე დაიწყო კონკრეტულ საკითხებზე მუშაობა.
კატირინის თქმით, რუსეთი ცდილობს, იპოვოს ის სფეროები, სადაც საქართველოსთან ითანამშრომლებენ და მისი თქმით, საქართველოში ბევრი ბიზნესია, ვისაც რუსეთთან კავშირების გამყარება სურს.
"ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ ის მიმართულებები, სადაც ერთად შევძლებთ დაწინაურებას. გარკვეულ ჯგუფებს საქართველოში აქვთ ინტერესი. არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მთელი ქვეყნის ინტერესია, მაგრამ ბიზნესებს შორის ბევრია, ვისაც ეს სურს და შეუძლია და ეძებს მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან" - განაცხადა კატირინმა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ პუტინის გადაწყვეტილებაზე კი კატირინმა განაცხადა, რომ ეს რუსეთის მხრიდან სიგნალია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა სურს და "ესაა პირველი, რაზეც ისაუბრეს როცა საბჭო შექმნეს".
კატირინის თქმით, "რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ქმედებები არ გულისხმობს მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას, მაგრამ ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს".
"დღეს [12 მაისს] რუსეთში ქართული დიასპორის აღსანიშნავი დღე დაიწყო. პროგრამა მოიცავს საქართველოს უძველესი ფრესკების ასლების გამოფენას, ქართული ცეკვის ფესტივალს და საბჭოს რეგულარულ შეხვედრებს. ჩვენი ქართველი პარტნიორები და ბიზნეს საბჭოს წევრები დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ ამ დღესასწაულისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს ოპტიმისტური დამოკიდებულება მომავალშიც დიდხანს გაგრძელდება ჩვენს ერთობლივ მუშაობაში" - განაცხადა კატირინმა.
მისი თქმით, არსებობს გარკვეული პროგრესი ბიზნესურთიერთობებში. მაგალითად, კონიაკის საქართველოდან შეტანის საკითხი გადაიჭრა და ასევე მუშაობენ მომავალში ქართული ღვინის რუსეთში შეტანაზეც.
კატირინმა ამავე ინტერვიუში ისაუბრა "აბრეშუმის გზის სარკინიგზო ტრანზიტზე", რომელიც ჩინეთში დაიწყება და საქართველოსა და აფხაზეთის გავლით რუსეთში შევა. მისი თქმით, ამ ტრანზიტით შესაძლებელი გახდება გაზისა და ნავთობის სტაბილურ ფასებში მიწოდებაზე ხელშეკრულებების გაფორმებაც.
"ასევე საჭიროა, დაორგანიზდეს სარკინიგზო ტრანზიტი აბრეშუმის გზის ფარგლებში: ჩინეთი, ირანი, აზერბაიჯანი, მარნეული- საქართველო, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს გაზისა და ნავთობის სტაბილურ და პროგნოზირებად ფასებში მიწოდებაზე ხელშეკრულების დადებას.
სარკინიგზო ტრანზიტი ასევე შესაძლებელს ხდის ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის განტვირთვას და მისაწოდებელი საქონლის ღირებულების შემცირებას მათი მოცულობის გაზრდით. ასეთი სქემა აუცილებელია." - განაცხადა კატირინმა.
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თქმით,2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 73%-ითაა გაზრდილი და არსებობს ამ ბრუნვის მეტად ზრდის შესაძლებლობაც.
კატირინმა ასევე განაცხადა, რომ გარკვეული ქარხნების შექმნის შესახებ შეთავაზებები საქართველოდანაც არის.
"დღეს რუსეთის ექსპორტის საფუძველი არის ნავთობპროდუქტები, გაზი, ქვანახშირი, ნავთობი, ხორბალი და ხორბლის ფქვილი. საქართველოდან ხდება ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლის, ფეროშენადნობებისა და მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი. არსებობს ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა. სხვათა შორის, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ის უკვე 73 პროცენტით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით.
საინტერესო იქნებოდა საქართველოში ბოლო ციკლის საწარმოების შექმნა რუსეთიდან მიწოდებული პროდუქციისთვის. ქართული მხრიდან არის წინადადებები ნუშის გაფცქვნისა და შესაფუთი ქარხნის, სამკერვალო ქარხნის, სამშენებლო კონსტრუქციების, მეტალის ჰაბის მოწყობის შესახებ." - განაცხადა პალატის პრეზიდენტმა.
სერგეი კატირინის თქმით, ამ დროისთვის საქართველოსადმი ყველაზე დიდ ინტერესს იჩენენ რუსეთის "ლიპეცკისა და სტავროპოლის რეგიონები".
"ჩვენ გვსურს დავაორგანიზოთ მათი დელეგაციების საქართველოში ვიზიტი, რათა გაიცნონ კოლეგები" - განაცხადა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.